მარსზე ჟანგბადის დონე დროგამოშვებით დრამატულად იცვლება — მეცნიერები მიზეზს ვერ ხსნიან
მარსზე ჟანგბადის დონე დროგამოშვებით დრამატულად იცვლება — მეცნიერები მიზეზს ვერ ხსნიან

მარსის ატმოსფერული აირები მეცნიერებს დიდ საგონებელში აგდებს. პირველი თავსატეხი მეთანის გაუჩინარებამ და ხელახლა გამოჩენამ გააჩინა. ამჯერად კი აღმოჩნდა, რომ გეილის კრატერში პერიოდულად იწევს და შემდეგ კვლავ ეცემა ჟანგბადის დონეც. ცვლილების დონე ისეთია, რომ არ ემთხვევა ჩვენთვის ცნობილ რომელიმე ქიმიურ პროცესს.

მონაცემები მავალმა „კურიოზიტიმ“ გამოგზავნა, რომელიც გეილის კრატერის ფსკერზე დადის და კვლევებს ატარებს. კრატერის ცენტრში აღმართულია შარპის მთა.

რობოტი მხოლოდ ქანებს როდი სწავლობს. „კურიოზიტი“ ასევე სინჯავს მარსის ატმოსფეროს და ზომავს სეზონურ ატმოსფრულ ცვლილებებს. Მავალი წითელ პლანეტაზე უკვე სამზე მეტი მარსული წელიწადია (დედამიწის შვიდი წელი) დაგორავს და ამ დროის განმავლობაში ჩატარებული ანალიზების შედეგად, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ პლანეტის ატმოსფეროში ჟანგბადი ისე არ იქცევა, როგორც მოსალოდნელი იყო.

სინამდვილეში მარსზე არც ისე ბევრი ჟანგბადია. მისი თხელი ატმოსფეროს უდიდეს ნაწილს (95 პროცენტი) ნახშირორჟანგი, ანუ CO2.  2,6 პროცენტს შეადგენს მოლეკულური აზოტი (N2), 1,9 პროცენტს არგონი (Ar), 0,16 პროცენტს მოლეკულური ჟანგბადი (O2) და 0,06 პროცენტს ნახშირჟანგი (CO).

(დედამიწის ატმოსფეროში 78,09 პროცენტს აზოტი შეადგენს, ჟანგბადის წილი კი 20,95 პროცენტია).

მარსზე ატმოსფერული წნევა წლის განმავლობაში იცვლება. Იმ ნახევარსფეროში, რომელშიც ზამთარია, პოლუსთან იყინება CO2, რაც მთელი ნახევარსფეროს მასშტაბით იწვევს წნევის დავარდნას. ეს კი განაპირობებს ნახევარსფეროდან-ნახევარსფეროში აირების გადანაწილებას, რათა ატმოსფერული წნევა მთელ პლანეტაზე დაბალანსდეს.

გაზაფხულზე, როცა პოლარული ყინული დნება და CO2 გამოიყოფა, ხდება საწინააღმდეგო ეფექტი — ამ ნახევარსფეროში წნევა მაღლა იწევს და იწყება აირების გადანაწილება ზამთრის ნახევარსფეროში.

გამომდინარე აქედან, სხვა აირთა რყევები სრულიად პროგნოზირებადია CO2-თან პროპორციით; ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს. აზოტისა და არგონის შემთხვევაში, ეს აირები მეტნაკლებად ასე ხდება. მაგრამ რაც შეეხება ჟანგბადს? არა.

გაზაფხულზე და ზამთარში ჟანგბადის დონე 30 პროცენტით იზრდება, შემოდგომაზე კი ნორმალურ დონეს უბრუნდება. ყოველ წელს, ასე ხდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დონეს, რომლითაც ჟანგბადი წლის განმავლობაში იცვლება, ჩნდება მოსაზრება, რომ ამ ჟანგბადს რაღაც წარმოქმნის, შემდეგ კი კვლავ უკან მიაქვს.

ჩვენთვის ცნობილი არ არის რაიმე პროცესი, რომელიც ასეთ შედეგს გამოიწვევდა.

პირველი, რაც ასეთი უცნაური შედეგის მიღების შემდეგ მკვლევართა ჯგუფს აზრად მოუვიდა, იყო ის, წესრიგში იყო თუ არა „კურიოზიტის“ შესაბამისი სამეცნიერო ინსტრუმენტი და მონაცემთა დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფა. რამდენიმე შემოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.

განიხილავდნენ კიდევ ერთ შესაძლებლობას — წარმოქმნიდა თუ არა ჟანგბადს ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და წყლის რამენაირი დაშლა. ეს სცენარიც მალე გამოირიცხა, რადგან მარსის ატმოსფეროში ამისათვის საკმარისი წყალი არ არის და CO2-იც იმდენად ნელა იშლება, რომ არ ემთხვეოდა ჟანგბადის დონის შემჩნეულ ცვალებადობას.

მარსის ქანები ჟანგბადს შეიცავს. თუმცა, მისი გამოთავისუფლებისთვის საჭირო პირობები მეცნიერებს ჯერ არ შეუნიშნავთ და შესაბამისად, ეს ვერ ხსნის, სად ქრება ჟანგბადი ყოველწლიურად. ძალიან ნელია ის პროცესებიც, რომლებშიც მზის რადიაცია ჟანგბადს შლის და კოსმოსში ფანტავს.

ნასას პლანეტური მეცნიერის, მელისა ტრეინერის განცხადებით, ახსნას ისინი აქტიურად ეძებენ. ის ფაქტი, რომ ჟანგბადი ქცევა სეზონების შესაბამისად სრულყოფილად განმეორებადი არ არის, მათ აფიქრებინებს, რომ ატმოსფერული დინამიკა აქ არაფერ შუაშია. მათი აზრით, ამის მიზეზი უნდა იყოს ქიმიური წყარო, რომლის შესახებ ჯერ არაფერი იციან.

თუმცა, არსებობს ერთი გასაღები — მეთანი. მარსის ზაფხულის თვეებში მისი დონეც დრამატულად იზრდება, დაახლოებით 60 პროცენტით. ხანდახან, მეთანისა და ჟანგბადის დონეები ერთმანეთთან ტანდემში იზრდება. შესაძლებელია, რომ რაღაც, რაც იწვევს მეთანის დონის მატებას, ამავე დროს განაპირობებს ჟანგბადის დონის რყევებსაც.

რა შეიძლება იყოს ეს, ამ დრომდე უდიდეს საიდუმლოდ რჩება. ორივე აირის წარმოქმნა შესაძლებელია ორგანული პროცესებით, მაგალითად, სიცოცხლის მიერ. გარდა ამისა, ორივე აირის წარმოქმნა შეუძლია გეოლოგიურ პროცესებსაც.

ჯერჯერობით არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს, მაგრამ მისი, როგორც მიზეზის გამორიცხვა მაინც არ შეიძლება.

თუმცა, ჯგუფის აზრით, ამ პროცესების მიზეზი დიდი ალბათობით გეოლოგიურია.

მკვლევართა განცხადებით, ეს უნდა იყოს მარსის ზედაპირის ქანებში არსებული რაღაც, რაც სეზონურად იცვლება, რადგან მარსის ატმოსფეროში არ არის იმ ოდენობის ჟანგბადის ატომი, რომ წარმართავდეს ჩვენ მიერ შემჩნეულ პროცესს.

კვლევა Journal of Geophysical Research: Planets-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი