მარინა კალიურანდი - ახლა შეიძლება, ევროკავშირს არ სურდეს გაფართოება, მაგრამ საქართველომ რეფორმები არ უნდა შეაჩეროს
მარინა კალიურანდი - ახლა შეიძლება, ევროკავშირს არ სურდეს გაფართოება, მაგრამ საქართველომ რეფორმები არ უნდა შეაჩეროს

ახლა შეიძლება, ევროკავშირს არ სურდეს გაფართოება, მაგრამ საქართველომ რეფორმები არ უნდა შეაჩეროს, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა  „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას აღმოსავლეთით გაფართოება არ სურს, შესაბამისად, ახალი წევრების მისაღებად საკმარისი პოლიტიკური ნება ჯერ არ არის.

„ევროკავშირში გაწევრიანება არის კონსენსუსის საკითხი. სხვადასხვა წევრ ქვეყანას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათ ახლა ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების დიდი სურვილი არ აქვთ. ამისთვის ევროკავშირში საკმარისი პოლიტიკური ნება არ არის. ევროკავშირში ახლაც ბევრი ფიქრობს, რომ მაგალითად, ესტონეთის მიღება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ეს ხალხი ასევე ამბობს, რომ პრობლემები რჩება რუმინეთში, ბულგარეთში, ანუ ქვეყნებში, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები და ისინი ხშირად არ ასრულებენ ყველა იმ ვალდებულებას, რომელთა შესრულებასაც მათგან ელოდებოდნენ. ამიტომ ახალი წევრების მისაღებად საჭირო პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ ახლა. ევროკავშირი იმისთვისაც კი არ არის მზად, რომ ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბროს, ეს ნამდვილად სამარცხვინოა.

ჩემი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ევროპული პერსპექტივა. შეიძლება არა მოკლევადიანი, მაგრამ უნდა ჰქონდეთ. ახლა სირთულეებია, მაგრამ ეს არ ნიშანვს, რომ საქართველო უნდა გაჩერდეს. 1991 წელს არავის სჯეროდა, რომ ესტონეთი შეიძლებოდა გამხდარიყო ნატო-ს წევრი, მაგრამ ჩვენ ვატარებდით რეფორმებს, ველოდებოდით შესაძლებლობების ფანჯარას და ის გაჩნდა, ჩვენ შევძელით გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-შიც. ასე რომ, ჩემი რჩევაა, გააგრძელეთ რეფორმები და დაელოდეთ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას, რათა როცა ეს მოხდება, შანსი არ დაკარგოთ. ეს აუცილებელად მოხდება და მზად უნდა იყოთ“, – განაცხადა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება წევრობის გარეშეც შეუძლია.

„თუმცა წევრობის გარდა, ჩვენ შეგვიძლია საქართველოსთან თანამშრომლობის სხვა მხრივ გაღრმავება, ისე როგორც მაგალითად, ევროკავშირი თანამშრომლობს ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან და ისლანდიასთან. წევრობის გარეშეც არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების გზები. მე ვხედავ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საუბარი ხშირად გადადის წევრობაზე საუბარში. მე არ მინდა, გაჩნდეს უფრო დიდი არარეალისტური მოლოდინები“, – განაცხადა კალიურანდმა.