ამერიკული გამოცემა Jacobin-ი - შეწყვიტეთ ქართველების  ევროკავშირის წევრობით შანტაჟი
ამერიკული გამოცემა Jacobin-ი - შეწყვიტეთ ქართველების  ევროკავშირის წევრობით შანტაჟი

ამერიკული მემარცხენე გამოცემა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. სტატიის ავტორები, ალმუტ როშოვანსკი და სოფო ჯაფარიძე აცხადებენ, რომ ანტისამთავრობო აქციები თბილისში აღქმულია, როგორც ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაშინ როდესაც თავად მთავრობას სურს ევროკავშირში შესვლა. მათივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პოლიტიკაში გადაჭარბებულ როლს თამაშობენ, რაც პრობლემურია.

„უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პოლიტიკაში, პოლიტიკის შექმნასა და საჯარო სამსახურებში გადაჭარბებულ როლს თამაშობენ, რამაც ქვეყანა ქრონიკულ დემოკრატიულ კრიზისამდე მიიყვანა“, – მიიჩნევენ ავტორები.

მათი თქმით, ეს პრობლემა, უკვე დიდი ხანია, დგას და სათავეს 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“ იღებს.

„აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ უცხოურ დახმარების გამტარ სააგენტოებს მოქმედების დიდი თავისუფლება მისცა. ამის გამო მისი კორუფციული მმართველობის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში და სანდო ურთიერთობა ჰქონდათ საერთაშორისო დონორებთან“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის მიხედვით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებმა სწრაფად დაიკავეს თანამდებობები მთავრობაში და საქართველოს პოლიტიკური სივრცე ფართოდ იყო ღია უცხოეთიდან დაფინანსებული ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის“.

„დღეს საქართველოში 25 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. საქართველოს მთავრობის ცნობით, მათი 90% უცხოეთიდან ფინანსდება, მაგრამ ეს საშუალო მაჩვენებელი მალავს იმ ფაქტს, რომ ქართული არასამთავრობოების დიდ უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია ადგილობრივი დაფინანსება“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობაზე დიდი გავლენა მოიპოვეს.

„ეს ძალაუფლება მოდის დასავლურ საელჩოებთან და რესურსებთან წვდომიდან, იმ ლეგიტიმაციიდან, რომელიც ამას მოაქვს და არა ფართო მასების მხარდაჭერისგან. ფუნქციონალურ დემოკრატიაში ხალხი ირჩევს კანონმდებლებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც მათ ემსახურება და მათ ინტერესებს წარმოადგენს. საქართველოში კი არარჩეული არასამთავრობოები მანდატს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ, რომლებიც ადგენენ და იხდიან საქართველოში გასატარებელი პოლიტიკური რეფორმების სიას. ადგილობრივ არასამთავრობოებს არ აქვთ სტიმული, გაითვალისწინონ იმ პროექტების შედეგები, რომელთა იმპლემენტაციასაც ახორციელებენ, რადგან მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომელთა ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, – აღნიშნავენ ავტორები.

მათივე თქმით, „ამ ყველაფერმა ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ გადაჭრის ამ პრობლემას“.

„საქართველოს მთავრობას, სინამდვილეში, არ ანაღვლებს ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არც დონორებს, დახმარების სააგენტოებს და არც ქართული არასამთავრობოების ელიტას ანაღვლებს. პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წლიდანაა ხელისუფლებაში, არ აპირებს, მთელი უცხოური დაფინანსება ამოძირკვოს საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკიდან. პირიქით, მათ სრულად აკმაყოფილებთ უცხოური დახმარების განგრძობადი ნაკადი და ისიც, თუ როგორ ქმნის პოლიტიკას „დონორებზე დაფუძნებული არასამთავრობო ინდუსტრიული კომპლექსი. საქართველოს პოლიტიკა შესაძლოა, იყოს პოლარიზებული, მაგრამ „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გასაოცრად ერთსულოვანია საკუთარ იდეოლოგიაში: მათ ყველას სჯერათ ტექნოკრატიული, ნეოლიბერალური, დეპოლიტიზებულ მმართველობის, სადაც პოლიტიკა შექმნილია უცხოელი ექსპერტების მიერ, რომლებიც ვითომდა ობიექტურ მონაცემებსა და ტექნოლოგიებს ეფუძნება. საქართველოში ეს პოლიტიკური ბანაკები, შესაძლოა, მთელი ძალით ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთნაირად მოქმედებს“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორთა მოსაზრებით, „ასეთ ეკოსისტემაში ძნელია, იპოვო ვინმე, ვინც ნამდვილად ზრუნავს ხალხსა და მათ კეთილდღეობაზე, ხოლო  საქართველოს არასამთავრობო სექტორი ძალზედ კონკურენტულია, მიმართულია თვითრეკლამაზე და არა  – თანამშრომლობაზე“.

პუბლიკაციის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არა მთელი არასამთავრობო სექტორის, არამედ ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული არასამთავრობოების მცირე ჯგუფზეა ორიენტირებული, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ღიად არიან ჩართული პარტიულ პოლიტიკაში.

„ისინი, უკვე მრავალი წელია, უარყოფენ მთავრობის ლეგიტიმურობას და გამოდიან მისი გადაყენების მოთხოვნით და არამხოლოდ არჩევნების გზით, რაც წარმოადგენს ეთიკური წითელი ხაზის დარღვევას არასამთავრობოებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან. ისინი ეწევიან მთავრობის ცვლილების რევოლუციური გზის აგიტაციას, რაც  დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესების მიღმაა. მანამდე ისინი ითხოვდნენ ხელისუფლებაში მისვლას „ტექნოკრატიული მთავრობის“ სახელით, თუმცა რადგან მათ არავინ დაუჭირა მხარი, მაშინ მათ ქუჩაში გადაინაცვლეს და პარლამენტისა თუ სამთავრობო შენობების შტურმი მოაწყვეს. ისინი ლობირებენ ევროკავშირსა და აშშ-ში, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესდეს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მეორედ წარადგინა, რადგან „მიაჩნია, რომ ოპოზიცია სუსტია და იმედი აქვს, რომ ამჯერად გამარჯვება შესაძლებელია“.

„კიდევ ერთი მიზეზი, რასაც „ქართული ოცნება“ ასახელებს, იმაში მდგომარეობს, რომ გასული წლის განმავლობაში მთავრობა ცდილობდა მოლაპარაკებას დასავლეთის საელჩოებთან და გრანტის გამცემებთან, რომ მათ მეტად აღარ დაეფინანსებინათ პარტიული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი პარტიული ქცევის შეზღუდვა არ შემოფარგლულიყო მხოლოდ თვითრეგულირებით. თუმცა, ეს წინადადება, ყველამ თუ არა, გრანტების ზოგიერთმა მთავარმა გამცემებმა მაინც უარყვეს. დახურულ კარს მიღმა დასავლელი დიპლომატები აღიარებენ, რომ მათ მიერ დაფინანსებული პარტიული არასამთავრობოების ქცევა ბევრ წითელ ხაზს კვეთს და ამას რამე უნდა მოუხერხონ, მაგრამ როდესაც მათ დაჟინებით ეკითხები, რას გააკეთებენ, მაშინ ბრაზდებიან“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორთა დასკვნით, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო სექტორის მდგომაროება გართულდება და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, გაძლიერებული დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდება და მეტი ადმინისტრაციული დავალების შესრულება მოუწევს, უარეს შემთხვევაში კი მათ ჯარიმები ემუქრებათ.

„ეს კანონი არ აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს არცერთი მნიშვნელოვანი გაგებით და არც პარტიულ არასამთავრობოებს ჩაახშობს, ეს არამხოლოდ უხეში, არამედ ცუდი ინსტრუმენტია“, – წერია სტატიაში.

ამასთან, პუბლიკაციის ავტორები თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ და აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორედ ინიცირებას მოჰყვა საპროტესტო აქციები და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება“.

„საქართველოს საზოგადოება გახვეულია ტყუილებში, ისტერიასა და მანიპულაციებში. ეს ასევე აშორებს საქართველოს დემოკრატიის აღდგენისაგან და პროგრესული პოლიტიკის მშენებლობისგან“, –  აღნიშნულია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, ამ ვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციები უმტკიცებენ საქართველოს საზოგადოებას, რომ უცხოურ ფულს უცხოური გავლენა არ ახლავს და დონორებს „აქტიური სამოქალაქო საზოგადოების“ მხარდაჭერის სურვილი ამოძრავებთ.

„თუმცა აქტივისტებმა საქართველოში ძალიან კარგად იციან, რას ელოდებიან მათგან დონორები, როგორი ქცევა ისჯება და როგორი დაფასდება: სოციალურ ქსელებში მთავრობის კრიტიკას უფრო მეტი გრანტი მოჰყვება, ვიდრე სხვადასხვა ადამიანის დახმარებას მოაქვს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც დასავლეთის დონორები „ქართულ ოცნებას“ ღირებულ პარტნიორად მიიჩნევდნენ, ისინი ქართველ აქტივისტებს ეუბნებოდნენ, რომ კრიტიკა შეეწყვიტათ. ახლა მათი სურვილია, რომ აქტივისტები გამოდიოდნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. დონორები სოციალურ ქსელებში ადამიანების პროფილებს აკვირდებიან და არასწორი რამის გამოქვეყნებას, შესაძლოა, შედეგი მოჰყვეს“, – აცხადებენ სტატიის ავტორები.

სტატიის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონისთვის „რუსული კანონის“ დარქმევა კიდევ ერთი მანიპულაციაა, რომელსაც ქართველი აქტივისტები, ოპოზიციონერები და დასავლელი ჩინოვნიკები იყენებენ“.

„2024 წლის საქართველო არაფრით ჰგავს 2012 წლის რუსეთს, როდესაც იქ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მიიღეს, არც პოლიტიკურად და არც საერთაშორისო ალიანსებით, არც დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით და არც არასამთავრობოების როლით. რუსული კანონის მიზნებს არაფერი აქვს საერთო ქართული  კანონპროექტის ამოცანებთან“, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

მათივე მოსაზრებით, „ბრალდება, რომ „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მარიონეტები არიან, აბსურდულია“.

„ამ ლოგიკას თუ გავყევით, ალბათ პუტინმა დაავალა „ქართულ ოცნებას“, ევროინტეგრაციის გზა გაეგრძელებინა, რასაც ისინი, ბოლო ათი წელია, აკეთებენ, და ასევე საქართველოს ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციაში ჩაეწერათ, ასევე დაეგროვებინათ უფრო მეტი ქულა გატარებული რეფორმებით და მიეღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა „რუსული კანონის“ მუდმივი ღრიალი მოქმედებს საქართველოს საზოგადოების შიშებსა და უკმაყოფილებაზე და საქართველოს დასავლელი პარტნიორების გეოპოლიტიკურ იდეაფიქსზე. ყველაზე ცინიკური და საშიში თამაში კი არის ამ კანონის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან მიბმა. შორს მყოფ დასავლელ დამკვირვებლებს თვალი ცრემლით ევსებათ, როდესაც უცქერენ, როგორ იცავენ ქართველები „აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას“, თუმცა ქუჩაში მყოფი აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი აქციებით არასამთავრობოებს არ იცავენ და დიდად არც ანაღვლებთ არასამთავრობოები. ისინი ქუჩაში არიან, რადგან მათ უთხრეს, რომ ეს არის გადამწყვეტი  მომენტი ევროკავშირში საქართველოს მომავლისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორები აცხადებენ, რომ „ქართველებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ეგზისტენციალური საკითხია და სწორედ ამან მისცა საშუალება ოპოზიციას, მის პარტიულ არასამთავრობოებს და მათ დასავლელ დონორებს, ხელოვნურად შეექმნათ „უცხოური გავლენის კანონის“ გარშემო კრიზისი და წარმოეჩინათ ის, როგორც ეპიკური ბრძოლა საქართველოს ნათელი მომავლისთვის, ხოლო ევროკავშირის უპასუხისმგებლო ოფიციალური პირები მათ ამ საქმეში შეუერთდნენ და აცხადებენ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

„ევროკავშირის ოფიციალური პირების მუქარა, ჩაშალონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, გამოიყურება როგორც შანტაჟი. ფუნდამენტურად, ნებისმიერი მთავრობის მზარდი ეჭვები უცხოელი დონორების მიერ პარტიული არასამთავრობოების დაფინანსების მოტივებთან დაკავშირებით მუქარების გამწვავების ფონზე მხოლოდ გაიზრდება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია, რომელიც შეიძლება, ძალიან ბნელი გახდეს. ფრონტები გაძლიერებულია, მანიპულირებენ ადამიანების ეგზისტენციალური შიშებით. ამ ფონზე მრავალწლიანი პრობლემის გარშემო გულწრფელი დებატები, რომელმაც ამ კანონის შექმნამდე მიგვიყვანა, ასევე ამ კანონის ეფექტურობასა თუ მიზანშეწონილობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია“, – ნათქვამია სტატიაში.