გამოცემა Jacobin-ი - „ენჯეოები“ გამოდიან მთავრობის გადაყენების მოთხოვნით არამხოლოდ არჩევნების გზით, ეს ეთიკური წითელი ხაზის დარღვევაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან
გამოცემა Jacobin-ი - „ენჯეოები“ გამოდიან მთავრობის გადაყენების მოთხოვნით არამხოლოდ არჩევნების გზით, ეს ეთიკური წითელი ხაზის დარღვევაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან

არასამთავრობოები გამოდიან მთავრობის გადაყენების მოთხოვნით არამხოლოდ არჩევნების გზით, ეს ეთიკური წითელი ხაზის დარღვევაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან, – ამის შესახებ ამერიკული მემარცხენე გამოცემის, Jacobin-ის სტატიაშია ნათქვამი.

სტატიის ავტორები, ალმუტ როშოვანსკი და სოფო ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არა მთელი არასამთავრობო სექტორის, არამედ ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული არასამთავრობოების მცირე ჯგუფზეა ორიენტირებული, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ღიად არიან ჩართულები პარტიულ პოლიტიკაში.

„ისინი, უკვე მრავალი წელია, უარყოფენ მთავრობის ლეგიტიმურობას და გამოდიან მისი გადაყენების მოთხოვნით, და არამხოლოდ არჩევნების გზით, რაც წარმოადგენს ეთიკური წითელი ხაზის დარღვევას არასამთავრობოებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან. ისინი ეწევიან მთავრობის ცვლილების რევოლუციური გზის აგიტაციას, რაც  დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესების მიღმაა. მანამდე ისინი ითხოვდნენ ხელისუფლებაში მისვლას „ტექნოკრატიული მთავრობის“ სახელით, თუმცა რადგან მათ არავინ დაუჭირა მხარი, მაშინ მათ ქუჩაში გადაინაცვლეს და პარლამენტისა თუ სამთავრობო შენობების შტურმი მოაწყვეს. ისინი ლობირებენ ევროკავშირსა და აშშ-ში, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესდეს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მეორედ წარადგინა, რადგან „მიაჩნია, რომ ოპოზიცია სუსტია და იმედი აქვს, რომ ამჯერად გამარჯვება შესაძლებელია“.

„კიდევ ერთი მიზეზი, რასაც „ქართული ოცნება“ ასახელებს, იმაში მდგომარეობს, რომ გასული წლის განმავლობაში მთავრობა ცდილობდა მოლაპარაკებას დასავლეთის საელჩოებსა და გრანტების გამცემებთან, რომ მათ მეტად აღარ დაეფინანსებინათ პარტიული არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი პარტიული ქცევის შეზღუდვა არ შემოფარგლულიყო მხოლოდ თვითრეგულირებით. თუმცა ეს წინადადება, ყველამ თუ არა, გრანტების ზოგიერთმა მთავარმა გამცემებმა მაინც უარყვეს. დახურულ კარს მიღმა დასავლელი დიპლომატები აღიარებენ, რომ მათ მიერ დაფინანსებული პარტიული არასამთავრობოების ქცევა ბევრ წითელ ხაზს კვეთს და ამას რამე უნდა მოუხერხონ, მაგრამ როდესაც მათ დაჟინებით ეკითხები, რას გააკეთებენ, მაშინ ბრაზდებიან“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორთა დასკვნით, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო სექტორის მდგომაროება გართულდება და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, გაძლიერებული დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდება და მეტი ადმინისტრაციული დავალების შესრულება მოუწევს, უარეს შემთხვევაში კი მათ ჯარიმები ემუქრებათ.

„ეს კანონი არ აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს არცერთი მნიშვნელოვანი გაგებით და არც პარტიულ არასამთავრობოებს ჩაახშობს, ეს არა მხოლოდ უხეში, არამედ ცუდი ინსტრუმენტია“, – წერია სტატიაში.

ამასთან, პუბლიკაციის ავტორები თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ და აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორედ ინიცირებას მოჰყვა საპროტესტო აქციები და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება.

„საქართველოს საზოგადოება გახვეულია ტყუილებში, ისტერიასა და მანიპულაციებში. ეს ასევე აშორებს საქართველოს დემოკრატიის აღდგენისაგან და პროგრესული პოლიტიკის მშენებლობისგან“, –  აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციები უმტკიცებენ საქართველოს საზოგადოებას, რომ უცხოურ ფულს უცხოური გავლენა არ ახლავს თან და რომ დონორებს „აქტიური სამოქალაქო საზოგადოების“ მხარდაჭერის სურვილი ამოძრავებთ.

„თუმცა აქტივისტებმა საქართველოში ძალიან კარგად იციან, რას ელოდებიან მათგან დონორები, როგორი ქცევა ისჯება და როგორი დაფასდება: სოციალურ ქსელებში მთავრობის კრიტიკას უფრო მეტი გრანტი მოჰყვება, ვიდრე სხვადასხვა ადამიანის დახმარებას მოაქვს. რამდენიმე წლის წინ, როდესაც დასავლელი დონორები „ქართულ ოცნებას“ ღირებულ პარტნიორად მიიჩნევდნენ, ისინი ქართველ აქტივისტებს ეუბნებოდნენ, რომ კრიტიკა შეეწყვიტათ. ახლა მათი სურვილია, რომ აქტივისტები გამოდიოდნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. დონორები სოციალურ ქსელებში ადამიანების პროფილებს აკვირდებიან და არასწორი რამის გამოქვეყნებას, შესაძლოა, შედეგი მოჰყვეს“, – აცხადებენ სტატიის ავტორები.

სტატიის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლების გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის „რუსული კანონის“ დარქმევა კიდევ ერთი მანიპულაციაა, რომელსაც ქართველი აქტივისტები, ოპოზიციონერები და დასავლელი ჩინოვნიკები იყენებენ“.

„2024 წლის საქართველო არაფრით ჰგავს 2012 წლის რუსეთს, როდესაც იქ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მიიღეს. არც პოლიტიკურად და არც საერთაშორისო ალიანსებით, არც დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით და არც არასამთავრობოების როლით. რუსული კანონის მიზნებს არაფერი აქვს საერთო ქართული  კანონპროექტის ამოცანებთან“, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

მათივე მოსაზრებით, „ბრალდება, რომ „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია, აბსურდულია.

„ამ ლოგიკას თუ გავყევით, ალბათ პუტინმა დაავალა „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის გზა გაეგრძელებინა, რასაც ისინი ბოლო ათი წელია, აკეთებენ და ასევე საქართველოს ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციაში ჩაეწერათ, ასევე დაეგროვებინათ უფრო მეტი ქულა გატარებული რეფორმებით და მიეღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა „რუსული კანონის“ მუდმივი ღრიალი მოქმედებს საქართველოს საზოგადოების შიშებსა და უკმაყოფილებაზე და საქართველოს დასავლელი პარტნიორების გეოპოლიტიკურ იდეაფიქსზე. ყველაზე ცინიკური და საშიში თამაში კი არის ამ კანონის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან მიბმა. შორს მყოფ დასავლელ დამკვირვებლებს თვალი ცრემლით ევსებათ, როდესაც უცქერენ, თუ როგორ იცავენ ქართველები „აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას“, თუმცა ქუჩაში მყოფი აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი აქციებით არასამთავრობოებს არ იცავენ და დიდად არც ანაღვლებთ არასამთავრობოები. ისინი ქუჩაში არიან, რადგან მათ უთხრეს, რომ ეს არის გადამწყვეტი  მომენტი ევროკავშირში საქართველოს მომავლისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორები აცხადებენ, რომ „ქართველებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ეგზისტენციალური საკითხია და სწორედ ამან მისცა საშუალება ოპოზიციას, მის პარტიულ არასამთავრობოებს და მათ დასავლელ დონორებს, ხელოვნურად შეექმნათ „უცხოური გავლენის“ კანონის გარშემო კრიზისი და წარმოეჩინათ ის, როგორც ეპიკური ბრძოლა საქართველოს ნათელი მომავლისთვის, ხოლო ევროკავშირის უპასუხისმგებლო ოფიციალური პირები მათ ამ საქმეში შეუერთდნენ და აცხადებენ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

„ევროკავშირის ოფიციალური პირების მუქარა, ჩაშალონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, გამოიყურება, როგორც შანტაჟი. ფუნდამენტურად, ნებისმიერი მთავრობის მზარდი ეჭვები, უცხოელი დონორების მიერ პარტიული არასამთავრობოების დაფინანსების მოტივებთან დაკავშირებით მუქარების გამწვავების ფონზე მხოლოდ გაიზრდება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია, რომელიც შეიძლება, ძალიან ბნელი გახდეს. ფრონტები გაძლიერებულია, მანიპულირებენ ადამიანების ეგზისტენციალური შიშებით. ამ ფონზე მრავალწლიანი პრობლემის გარშემო გულწრფელი დებატები, რომელმაც ამ კანონის შექმნამდე მიგვიყვანა, ასევე ამ კანონის ეფექტურობასა თუ მიზანშეწონილობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია“, – ნათქვამია სტატიაში.