მამუკა ტუსკაძე - ირაკლი ხმალაძე „დიღომი 633“-ის საქმეს ორი კვირის ვადაში გაეცნობა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებმა მას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.
ბინათმშენებლობით დაზარალებულების მთავარი მოთხოვნაა, დიდ დიღომში, „დიღომი 633“-ში შესული სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა გამოასახლონ და შეჩერდეს უკანონო მშენებლობა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, ვიცე-მერს ბინათსაკუთრების დოკუმენტები გადასცეს.
ტუსკაძის განცხადებით, ირაკლი ხმალაძე მათ დაჰპირდა, რომ საქმეს ორი კვირის ვადაში გაეცნობა.
ვიცე-მერთან შეხვედრამდე კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულებმა მერიის წინ აქცია გამართეს.
როგორც უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, „თბილისის მერიამ უნდა შეწყვიტოს უკანონო მშენებლობების ლობირება და მათ შორის, „დიღომი 633“-ის კორპუსზე მიმდინარე მშენებლობა, რომელზეც დღესაც მიმდინარეობს უკანონო დაშენება და გადახურვა“.