მამუკა ტუსკაძე – ირაკლი ხმალაძე „დიღომი 633“-ის საქმეს ორი კვირის ვადაში გაეცნობა

15:49, 23.04.2018

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს შეხვდნენ.

აქციის მონაწილეებმა მას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

ბინათმშენებლობით დაზარალებულების მთავარი მოთხოვნაა, დიდ დიღომში, „დიღომი 633“-ში შესული სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა გამოასახლონ და შეჩერდეს უკანონო მშენებლობა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, ვიცე-მერს ბინათსაკუთრების დოკუმენტები გადასცეს.

ტუსკაძის განცხადებით, ირაკლი ხმალაძე მათ დაჰპირდა, რომ საქმეს ორი კვირის ვადაში გაეცნობა.

ვიცე-მერთან შეხვედრამდე კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულებმა მერიის წინ აქცია გამართეს.

როგორც უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, „თბილისის მერიამ უნდა შეწყვიტოს უკანონო მშენებლობების ლობირება და მათ შორის, „დიღომი 633“-ის კორპუსზე მიმდინარე მშენებლობა, რომელზეც დღესაც მიმდინარეობს უკანონო დაშენება და გადახურვა“.

 

 

მსგავსი