თბილისის მერიასთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები აქციას მართავენ
თბილისის მერიასთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დიდ დიღომში, მეოთხე მიკრორაიონში მათი თანხებით კოოპერატიული ბინა აშენდა, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები შევიდნენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, აქციის მონაწილეები თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„ჩვენ ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს თბილისის მერიასთან. პირველი საკითხია, რომ ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივის წარმომადგენლებს საკუთრებაში გადაეცეთ კუთვნილი ფართები. მეორე მოთხოვნაა, შეწყვიტოს მერიამ უკანონო მშენებლობების ლობირება და მათ შორის „დიღომი 633“-ის კორპუსზე მიმდინარე უკანონო მშენებლობა, რომელზეც დღესაც მიმდინარეობს უკანონო დაშენება და გადახურვა. მერია ცნობილია უკანონო მშენებლობების ლობირებით. ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში, 2003 წელს „დიღომი 633“-ში შესახლება მოხდა დევნილების და სოციალურად დაუცველი ადამიანების. კოოპერატიული ბინათმესაკუთრეები, 72 ოჯახი სახლების გარეშეა დარჩენილი და ნაქირავებში ცხოვრობს. სამი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფართები მათ ეკუთვნით, თუმცა იდენტიფიცირება ვერ ხდება, რადგან შეცვლილია საკადასტრო კოდი და ფართების კვადრატულობა. ჩვენ ვითხოვთ საკუთარ ფართებში შეგვიშვან“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.