მამუკა ტუსკაძე არ გამორიცხავს, რომ პირები, რომლებიც ბოლნისში ნამიკ ბაირამოვს თავს დაესხნენ, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები არიან
მამუკა ტუსკაძე არ გამორიცხავს, რომ პირები, რომლებიც ბოლნისში ნამიკ ბაირამოვს თავს დაესხნენ, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები არიან

პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ წევრი მამუკა ტუსკაძე ბოლნისში პოლიტიკური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნამიკ ბაირამოვის ცემის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცახდებს, რომ ვერ დაადასტურებს, ბაირამოვი მართლაც ნაცემია თუ არა „ქართული ოცნების“ დეპუტატის და მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან.

მისივე ინფორმაციით, კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

„ცემის ფაქტი ნამდვილად მოხდა, ამას ვადასტურებ, ოღონდ ვერ დავადასტურებ, რომ ნამიკ ბაირამოვი ნამდვილად ნაცემია „ქართული ოცნების“ დეპუტატის და მათი წარმომადგენლის მხრიდან. ჩვენ გაგზავნილი გვყავდა რეგიონული წარმომადგენელი და დაზუსტებული ინფორმაციით, შემიძლია გითხრათ, რომ კონფლიქტი მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. კერძოდ, ბაირამოვი შეესწრო ავარიას, რა დროსაც მან დაიწყო ფოტოების გადაღება. ფოტოების გადაღების შემდეგ მას აზერბაიჯანული ეთნოსის მოსახლეობა იქვე დაუპირისპირდა იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინ ბაიარამოვმა „ტვ 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა აზერბაიჯანელ მოქალაქეებზე და ასევე კახა ოქრიაშვილზე, რადგან როცა ის სხვა პარტიის სახელით იყრიდა კენჭს წინა არჩევნებზე, მას დაემუქრნენ, სცემეს და დიდი ისტორიები ჰქონდა. იმედი ჰქონდა გამოთქმული, რომ ამ არჩევნებში ასე არ მოხდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, იქიდან გამომდინარე, რომ ნამიკ ბაირამოვი კვლავ ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში და ოქრიაშვილის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება, თქვა, რომ ბოლნისის დმანისის და წალკის რაიონები განიცდის შევიწროებას წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის არის ერთ-ერთი ლიდერი“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

​მისივე თქმით, აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცემის ფაქტი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს.

„კახა ოქრიაშვილს გარკვეული გავლენები და რესურსი აქვს არა მარტო ადგილობრივ თვითმმართველობასა და უწყებებში, არამედ შსს-ს შესაბამის ორგანოებში, რაიონებში კონკრეტულად საუბარია ბოლნისსა და დმანისში. აქედან გამომდინარე, გამოვთქვამ საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ფაქტი მომხდარია კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების მიერ, ვინაიდან ბაირამოვი იცნეს, როდესაც ის იღებდა ფოტოს ავარიის დროს, უბრალოდ ბაირამივი შევიდა შეცდომაში, რადგან მან ვერ იცნო ეს ადამიანები, ვინაიდან იმდენად არიან „ოცნება“ და „ნაცები“ ერთმანეთში აჭრილები, რომ რომელი რომელია ვერ იცნო ამ ადამიანმა და ეგონა, რომ ეს ადამიანები „ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. მას შეეშალა, აერია ეს ადამიანები. მე არ შემიძლია ასე პირდაპირ დავადო ხელი, თუმცა ყველა მიმართულება მიდის იქეთკენ, რომ კახა ოქრიაშვილის გუნდის მიერ არის ეს მომხდარი, როგორც კი იცნეს ბაირამოვი“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

ნამიკ ბაირამოვის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე მანამდე განცხადება გააკეთეს მმართველ გუდშიც. „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ბოლნისში აცხადებს, რომ მათი აქტივისტები ნამიკ ბაირამოვს თავს არ დასხმიან. გიორგი მირისნაშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ეს მორიგი პროვოკაცია ყოფილიყო.