მამუკა ტუსკაძე - მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები წმინდა წყლის სიცრუე და ბლეფია
მამუკა ტუსკაძე - მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები წმინდა წყლის სიცრუე და ბლეფია

მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები წმინდა წყლის სიცრუე და ბლეფია, – ამის შესახებ „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“ კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, მამუკა ტუსკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვერც ერთი კანდიდატის ერთი ხმა, ჩვენი პარლამენტის წევრად გახდომის შემთხვევაშიც კი, ვერ იქნება გადამწყვეტი იმ განსაკუთრებული მიზნების შესასრულებლად, რაც გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ასეთ შემთხვევაში, რატომ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, რომ მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის ეს კიდევ ერთი საშუალება იმისა, საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა დაამკვიდრონ.

„დღეს ეს ტრიბუნაც ამის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. იგივე, თუ ჩემი სახით ერთი კაცი შევა პარლამენტში, ეს ამ იდეოლოგიის განვითარებას შეუწყობს ხელს და რაღაცნაირად, პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური აქტიურობა მეტად იქნება გაადვილებული; მეტად გაადვილდება წვდომა მედიასთან, ტელევიზიებთან, რომ ჩვენი პროგრამა საზოგადოებას მივაწოდოთ და ა.შ.“ – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

მისი თქმით, ის კონკრეტული პრობლემები, რაც მთაწმინდაზე არსებობს, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ არის მოსაწესრიგებელი და არა პარლამენტის დეპუტატის მიერ.

„ჩვენ თვითონ ვიტყუებთ თავს, როდესაც შეიძლება, რაღაც კონკრეტული საკითხი ვუთხრათ მთაწმინდელებს. მთაწმინდელების მაგალითზე ჩვენ უბრალოდ, შეგვიძლია, საზოგადოებას, მთელი საქართველოს მასშტაბით, შევთავაზოთ კონკრეტული პოლიტიკური მსოფლმხედველობა და კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგია, რითაც ზოგადად ქვეყანაში და ქალაქში რაღაცნაირად შევძლებთ ვითარების შეცვლას“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

როგორც ტუსკაძემ აღნიშნა, შესაძლებელია, ასეთი ხედვის მქონე ადამიანები გაერთიანდნენ და 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ, სადაც პოლიტიკური იდეოლოგიით გამარჯვება შესაძლებელი იქნება.

„საზოგადოებას შეიძლება შევთავაზოთ გამართული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც თანამედროვე დასავლურ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს და კონსერვატიულ მოთხოვნებსაც. სწორედ ამ ოქროს შუალედით შეიძლება გამოვიდეთ“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.