მამუკა ტუსკაძე დავების საბჭოს დატოვების მთავარ მიზეზად ამ ორგანოს უფუნქციობას ასახელებს
დავების საბჭოს ყოფილი წევრის მამუკა ტუსკაძის განცხადებით, ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების ინსტიტუციებში პრობლემებია, განსაკუთრებით კი დავების საბჭოში.
“ძალიან ბევრ ისეთ გადაწყვეტილებაზე მაქვს ხელი მოწერილი, რომელზეც შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები მაშინვე მქონდა, თუმცა რთული იყო, სანამ ადამიანი არ გაერკვეოდი სიტუციაში, ხმა ამოგეღო, მაგრამ როდესაც ეს მოხდა და ამისთვის დრო დამჭირდა ბუნებრივია, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება დატოვების შესახებ”, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
მისი თქმით, 11 თვის მანძილზე ერთი საქმე არ ახსოვს, რომელიც პროკურატურაში ან შესაბამის უწყებაში გადაგზავნილიყოს.
“50 საჩივარია ბოლო 11 თვეში შეწყვეტილი. მომჩივანი ორგანიზაცია ჯერ აკეთებს საჩივარს და შემდეგ დავების განხილვის დღეს საჩივარი უკან გააქვს – ან ურიგდება შემსყიდველ ორგანიზაციას, ან ურიგდება მომწოდებელ ორგანიზაციას. ყველა ასეთი ფაქტი 191 მუხლის საფუძველზე შეწყდა, თუმცა 191 მუხლის მესამე პუნქტში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა არ აჩერებს მის განხილვას თუ საჩივრის განუხილველობას შეიძლება მოყვეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების შელახვა ან მნიშვნელოვანი ზიანი. თუ მომჩივანი მხარე გაითხოვს მის საჩივარს საკითხი მაინც უნდა იხილებოდეს. თუ კითხვის ნიშნები იქნება, უნდა იგზავნებოდეს პროკურატირაში“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
მამუკა ტუსკაძე იურიდიული ფირმის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელიც დავების საბჭოს გარედან გააკონტროლებს.