მამა შალვა კეკელია - მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს
ვითხოვთ, არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც საუბარია მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზე, ამას არ დაუშვებს მოსახლეობა, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ თბილისის საკრებულოსთან მარიხუანას თემასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადა.
მათი თქმით, სასულიერო პირები და ასევე საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეეგუებიან ამ კანონის მიღებას.
„ჩვენ მრევლის პოზიციას გამოვხატავთ. მრევლმა გვაიძულა გამოვსულიყავით აქ. მრევლი გვეუბნება, რას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ეს აღმოვფხვრათ. დღეს ამას დააკანონებენ, ხვალ და ზეგ სხვა უზნეობებს. ამისთვის არასდროს იქნება ქვეყანა მზად. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, – განაცხადა მამა შალვამ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით პიროვნების თავისუფლების განვითარების უფლებაში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას მოხმარება შეიყვანა, რაც მამა შალვა კეკელიას შეფასებით, ნაჩქარევი და საფრთხეების შემცველია.
„შექმნილი პრეცედენტი საშიშროებას ქმნის, რომ მომავალში იგი სასამართლომ სხვა სახის ნარკოტიკებით ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რაიმე ქმედებებით, იგივე ლოგიკით დააკანონოს.
მეორე, გაუგებარია რატომ მოხდა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გასაიდუმლოებულად შემუშავება, საჯარო განხილვების გარეშე და როდესაც ამ კანონპროექტის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა, იქვე აცხადებენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული. ანუ უკვე ჩვენი მოსახლეობის ნების გარეშე ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ასე იქნება. მიუხედავად იმისა, მოსახლეობას ამის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამას უეჭველად გადავწყვეტთ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომ ეს კანონი ასე არ იყოს მიღებული.
ჩვენ ვფიქრობთ მომავალ თაობაზე, ჩვენს შვილებზე და ისეთი შემოსავალი არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ან კაზინოებით შემოსული ფული, ნარკოტიკებით შემოსული ფული. ასეთი სიმდიდრე ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება.
ჩვენ გვაქვს ისეთი რესურსი, რომ უამრავი რამ შეგვიძლია განვავითაროთ, რითაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის ზღვარს გადაცდება და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ დაეხმაროს მოსახლეობას, წესიერი და ისეთი რამით უნდა დაგვეხმაროს, რაც აუცილებელია, თუნდაც სოფლის მეურნეობის განვითარებით. ჩვენს ქვეყანაში უამრავი ტურისტი ჩამოდის და ამ ადამიანებს კვება სჭირდება და არა მარიხუანას მიწოდება“, – განაცხადა მამა შალვამ.
ამასთან, სასულიერო პირებმა მრევლს ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებისკენ მოუწოდეს, სადაც ღვთისმსახურებას პატრიარქი აღავლენს.
სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს. მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.
სასულიერო პირები მარიხუანას თემასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსთან არიან შეკრებილი
Posted by პირველი არხი on შაბათი, 15 სექტემბერი, 2018