მარიხუანას კულტივაციის საკითხზე ილია მეორესა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა გაიმართა
მარიხუანას კულტივაციის საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ შედგა.
„მისმა უწმინდესობამ და დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან (მოყვანასთან) დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს“,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ილია მეორემ გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხები კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. პატრიარქის თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.
მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი კობახიძის თქმით, საჩქარო არ არის.