ილია მეორე - ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხები კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, კანონმდებლობაში უნდა ჩაიწეროს, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე
ილია მეორე - ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხები კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, კანონმდებლობაში უნდა ჩაიწეროს, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიჩნევს, რომ ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხები კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, მარიხუანასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ვერ გავაკონტროლებთ მას.

ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყო გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ საქართველოში და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ, მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყო ნარკომანიით დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი, მადლი მისცეს საქართველოს და ყოველ ადამიანს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას. იმათ არანაკლებად უყვართ, სტკივათ გული“,- განაცხადა ილია მეორემ.