გიორგი გახარია - მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის საკითხზე საზოგადოების არც ერთ ნაწილთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ
გიორგი გახარია -  მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის საკითხზე საზოგადოების არც ერთ ნაწილთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის საკითხზე საზოგადოების არც ერთ ნაწილთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა კითხვას, როგორ აპირებენ საპატრიარქოს დარწმუნებას და მზად არის თუ არა მმართველი პარტია, რომ საპატრიარქოსთან დაპირისპირებაზე წავიდეს.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა იქამდე იქნება, ვიდრე კონსენსუსი არ მიიღწევა.

„ორი თვე, სამი თვე, ოთხი თვე, არ აქვს მნიშვნელობა, მსჯელობა იქნება, ვიდრე კონსენსუსს არ მივაღწევთ საზოგადოებასთან. ეს უნდა იყოს ფართო მსჯელობის საგანი და ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენ მიგვითითებს საზოგადოება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, აპირებენ, ჯანსაღი დისკუსიისა და ახსნა-განმარტების საშუალებით პოზიციები დააახლოვონ, თუმცა მინისტრი არც იმას გამორიცხავს, რომ პოზიციების დაახლოება ვერ შეძლონ.

„ჩვენ ვაპირებთ, ახსნა-განმარტებით, ჯანსაღი დიალოგის, ზოგ შემთხვევაში მწვავე დისკუსიის საშუალებით, პოზიციები დავაახლოვოთ. ეს ხომ არის ორმხრივი მოძრაობა. ჩვენ შეიძლება, ეს პოზიციები დავაახლოვოთ, შეიძლება, ვერ შევძლოთ. რა თქმა უნდა, ორივე მხარეს აქვს სერიოზული არგუმენტები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შსს-სთვის შსს-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მარიხუანას მოხმარების რეგულირება. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს დაურეგულირებელი სფერო აღმოჩნდა.

„ამ მიზანს ჩვენ მივაღწიეთ და ეს კანონმდებლობა დაიძრა. მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს დაურეგულირებელი სფერო აღმოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ თუ აიღებთ და ჩაიხედავთ ამ ინიციატივებში, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ნახავთ, რომ საერთოდ ახალ სტანდარტს ვქმნით სხვადასხვა სახის თრობის ქვეშ სამოქალქო სივრცეში მოქმედების თაობაზე და ეს არის ხარისხობრივად წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.