გიორგი კაკაურიძე - სამედიცინო მიზნით მარიხუანას პროდუქციის მსოფლიო მოთხოვნის ერთი პროცენტის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ქვეყანა დიდ შემოსავალს მიიღებს
გიორგი კაკაურიძე - სამედიცინო მიზნით მარიხუანას პროდუქციის მსოფლიო მოთხოვნის ერთი პროცენტის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ქვეყანა დიდ შემოსავალს მიიღებს

მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო მიზნით მარიხუანას პროდუქციის მოთხოვნის თუნდაც ერთი პროცენტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკმაოდ დიდ შემოსავალი იქნება ქვეყანაში და არა ბიუჯეტში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხვა მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე დაუსვეს, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა. დეპუტატი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, აქვს თუ არა ფინანსთა სამინისტროს გათვლილი, რა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებაა შესაძლებელი აღნიშნული კანონის მიღებისა და ამოქმედების შემთხვევაში.

კაკაურიძის განცხადებით, დიდ საბიუჯეტო შემოსავლებზე საუბარი არ ყოფილა, აქცენტები კეთდებოდა, ეკონომიკაში დამატებით შემოსავლებზე. თუმცა, შემოსავლების რაოდენობა ძალიან ბევრ საკანონმდებლო დეტალზეა დამოკიდებული.

„ბიუჯეტში ძალიან დიდ შემოსავალზე საუბარი ნაკლებად იყო. განცხადებები იყო ეკონომიკაში დამატებით შემოსავლებზე და ესეც ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული – რა ტიპის კანონი მიიღება, თუ საერთოდ იქნა მიღებული; რა დაშვებები იქნება მასში; რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება იყოს; რამდენი ჰექტარი და ა.შ. უბრალოდ, მე შემიძლია გითხრათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზები, რომ დაახლოებით 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება, 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება.დანარჩენი თქვენ ბრძანდებით პოლიტიკოსები, პარლამენტში თქვენ ბრძანდებით. როგორი კანონიც მიიღება, იმის მიხედვით დავთვლით“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მისი თქმით, კანონში ჯერ ბევრი რამ არ არის გაწერილი, არ არის მითითებული კონკრეტული ციფრები, რომელზეც გათვლები იქნება დამოკიდებული.

„უბრალოდ, არის პოტენციალი, რომ როდესაც ორმაგდება მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა, თუნდაც მისი 1 პროცენტიც რომ დააკმაყოფილოს საქართველომ, საკმაოდ დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში, არა ბიუჯეტში, არამედ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.