მალხაზ მაჩალიკაშვილი - გუშინ ჩემი დაკავების ამბავი დავმალე, შემეშინდა, ხეობაში არ გაეგოთ და არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი
რაც გუშინ პანკისის ხეობაში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია ორი, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც გუშინ პანკისის ხეობაში მოხდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებშია. მაჩალიკაშვილის განმარტებით, გუშინ სპეციალურად დამალა მისი დაკავების ამბავი, რათა ამას ხეობაში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება არ გამოეწვია.
„ეს აწობს სუს-ს. სუს-ი ცდილობს, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. გუშინდელი ამბავი მე დავმალე და არ მივეცი საშუალება, რომ გაეშუქებინათ ჟურნალისტებს. მე პირდაპირ ვიძახდი, რომ არ ვიყავი დაკავებული. თუმცა, დიახ, მე ვიყავი დაკავებული და ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი. პანკისის ხეობაში მოვემართებოდი, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ დებილმა და დეგენერატმა მთავრობამ ის არ განსაზღვრა, რომ ამ ჩემი დაკავებით ზუსტად იქ ჰქონდათ გამიზნული, რომ ახლა მაჩალიკაშვილს ავიყვანთ და იქ კიდევ დაიძაბება სიტუაცია, კიდევ გამოვლენ მდგომარეობიდან და ჩვენ ამით ვისარგებლებთ“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, გუშინ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გომბორის უღელტეხილზე დახვდნენ და მანქანიდან გადმოსვეს. მაჩალიკაშვილის განცხადებით, თავიდან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მაინც გადაიყვანეს გურჯაანში.
„როცა შევეკითხე, რატომ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ მეთქი, არაო. მაგრამ, როგორც ასეთი, გზაზე გურჯაანიდან მომაბრუნეს. გზაში მოვახერხე დამერეკა ჩემს ადვოკატთან, ასეთი მდგომარეობაა, გადავყავარ გურჯაანში-თქო. უკვე ვიგრძენი ეს საფრთხე, რატომ გურჯაანში და არა – თელავში. ამასობაში შევეცადე, გამეშვა ზარი მარიამ კუბლაშვილთან. ამ შემთხევაში გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. ვიმყოფებოდი მანამ, სანამ ამათი მანქანა არ მომაკითხავდა. ვიყავი მათთან ერთად მანქანაში თავისუფლებააღკვეთილი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ერთი ქისტიც რომ აიყვანონ ამ საქმესთან დაკავშირებით, თავიანთი წამოწყებული ამ ბინძური პროვოკაციის გამო, ამას არ შევარჩენ, ვაფრთხილებ, ხელისუფლება თუ რაღაც სატკივარი, სახელიც არ ვიცი, რა დავარქვა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას დააკავეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა გზაში მხოლოდ გააჩერეს.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.