სტრასბურგის სასამართლო - არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში
სტრასბურგის სასამართლო - არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში

გონივრული ეჭვის მიღმა, არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისთვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა კონვენციის მეორე მუხლის მიზნებისთვის ეფექტიანი და დეტალური გამოძიების ჩატარების მოთხოვნები. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისთვის, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თ.მ. გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში. მეტიც, სასამართლომ უარყო მოსარჩელის საჩივარი სასტიკი მოპყრობის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

ამასთან, როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი, მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტის დარღვევას.

ასევე, პალატამ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ასპექტის დარღვევას.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მოსარჩელეებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, საქმე ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ განმცხადებლის ნათესავი თ.მ., რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ მხარდაჭერაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დაკავების დროს დაჭრეს, როგორც ამტკიცებენ, როდესაც ის ხელყუმბარის დეტონირებას ცდილობდა. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ისინი თავად გახდნენ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლნი.