მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას დააკავეს.

„არავის არსად წავუყვანივარ. გამაჩერეს, რადგან აინტერესებდათ, რა მიზნით მოვდივარ ხეობაში და რა პოზიციაზე ვრჩები. იყო თხოვნა, რომ ყველანაირად, მე ამას შევძლებდი თუ ვერა, დასტაბილურებულიყო სიტუაცია. ჩემი პოზიცია არის სიმართლე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.