გუშინ აქციაზე დაკავებული 32 პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილია
გუშინ აქციაზე დაკავებული 32 პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილია

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც გუშინ პარლამენტთან გამართულ მდუმარე აქციაზე იმყოფებოდა, პოლიციამ დააკავა.

მისი ადვოკატის განმარტებით, მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

მარიამ პატარიძის თქმით, კონტრაქციის მონაწილეები მალხაზ მაჩალიკაშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ადვოკატის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით არის დაკავებული, თუმცა მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და აქციაზე აგრესიითაც არ გამოირჩეოდა.

„მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ თავისუფლებისთვის გამართულ აქციაზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ამ დროისთვის მის ადვოკატებს არ გვაქვს გადმოცემული საქმის მასალები და შესაბამისად, არ გავცნობივართ, თუმცა ჩვენ გვქონდა მალხაზ მაჩალიკაშვილთან კომუნიკაცია დროებითი მოთავსების იზოლატორში და როგორც მითხრა, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მუხლებით არის დაკავებული – ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. რეალურად კი გუშინ გვქონდა მოცემულობა, როდესაც ჯებირს მიღმა გაურკვეველი ძალადობრივი ჯგუფები მალხაზ მაჩალიკაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცდილობდნენ, ჯებირი გაერღვიათ, ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევასაც ჰქონდა ადგილი და რეალურად აღქმა, რაც გაუჩნდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს იყო ის, რომ პოლიცია მის დასახმარებლად მოვიდა, იმ საფრთხის აღსაკვეთად, რაც მას მოელოდა მოძალადე ადამიანებისგან. და რეალურად მივიღეთ ვითარება, რომ ეს ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მუხლით არის დაკავებული. ველოდებით სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს ჩაინიშნება, თუმცა ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა მარიამ პატარიძემ.

შეგახსენებთ, შსს-მ 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე სულ 100 პირი დააკავა. მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 32 კი იზოლატორში რჩება.