შსს - რუსთაველის გამზირზე 100 პირი დავაკავეთ, მათგან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით, 32 რჩება იზოლატორში
შსს - რუსთაველის გამზირზე 100 პირი დავაკავეთ, მათგან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით, 32 რჩება იზოლატორში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტების და მათზე მომხდარი რეაგირების შესახებ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

„პირველი კლასიკური გიმნაზიისა და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია ორი პირი.

1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია „პალიტრანიუსის“ ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება.

რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს – 1965 წელს დაბადებულმა გ.შ.-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართული ორივე აქციის მიმდინარეობისას გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა, რათა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გამოეხატათ მოქალაქეებს პროტესტი.

„მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევისა და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აცხადებენ შსს-ში.