მაიკ პომპეო - საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტის გაუჩინარებაზე სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას უზრუნველყოფს
საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. მაიკ პომპეოს თქმით, ახლო აღმოსავლეთის სამეფოს პრინცთან პირდაპირი და გულახდილი საუბარი ჰქონდა.
„საუბრის დროს ხაზი გავუსვი დეტალური და ოპერატიული გამოძიების აუცილებლობას. საუდის არაბეთი კი ამას აუცილებლად შეასრულებს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს საუდის არაბეთის პრინცმა სტამბოლის საკონსულოში ჟურნალისტის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობა უარყო.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ოფიციალურმა ანკარამ კი ერ-რიადი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში დაადანაშაულა. თურქეთში განაცხადეს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ.