მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი - ვითხოვთ, გამოძიებამ დაკავების სპეცოპერაციის ჩატარების კანონიერება შეაფასოს
გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება მეტწილად დაჭრის ეპიზოდსა და ძალის გამოყენების კანონიერების საკითხზეა ორიენტირებული, ჩვენ კი ვითხოვთ, სუს-ის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს გამოძიებამ უფრო ფართოდ შეხედოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატია.
მისი თქმით, აუცილებელია, გამოძიებამ შეაფასოს დაკავების სპეცოპერაციის ჩატარების კანონიერება, კერძოდ, როგორ დაიგეგმა და რამდენად იყო სპეცოპერაციის დროს უზრუნველყოფილი დროული სამედიცინო დახმარება.
თამთა მიქელაძის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.
„ვითხოვთ, გამოძიებამ უფრო ფართოდ შეხედოს სუს-ის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს და შეაფასოს დაკავების სპეცოპერაციის ჩატარების კანონიერება.
როგორ მოხდა მისი დაგეგმვა და განხორციელება, რამდენად იყო უზრუნველყოფილი სპეცოპერაციის დროს ძალის მინიმიზაცია და ძალის გამოყენების პრევენცია, ასევე რამდენად იყო უზრუნველყოფილი მისთვის დროული სამედიცინო დახმარების გაწევა.
ეს არის ის საკითხები, რომელთაც მათ შორის ევროპული სასამართლო კონვენციის მეორე მუხლის ქვეშ აუცილებლად შეაფასებს და ცხადია, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ტერორიზმის მხარდაჭერის ნაწილში საქმის მასალებზე სრული წვდომის მოპოვება, რათა შევაფასოთ თემირლანის დაკავების კანონიერების საკითხი, ასევე ხომ არ იყო აქ სუს-ის თანამშრომლების მხრიდან თვითნებობის რისკები“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.