თამთა მიქელაძე - მამალაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და დარღვევა არ დაადგინა
თამთა მიქელაძე - მამალაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და დარღვევა არ დაადგინა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაადგინა, თუმცა მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და დარღვევა არ დაადგინა.

მისივე თქმით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უფრო დეტალურ ანალიზს გაუზიარებს.

„დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევ ორმაგი და წინააღმდეგობრივი განმარტებები მიეცა ჩვენს რეალობაში. ევროპულმა სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები დაადგინა დეკანოზი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, რომელიც საჯარო პროცესზე უფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას უკავშირდება. ამ ნაწილში გაკეთებული განმარტებები სხვა არაერთი საქმისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა და ამ ნაწილში კონვენციის დარღვევა არ დაადგინა. ამ მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი განხილვისთვის.

ჩემი აზრით, ამ საქმეში სწორედ ჩხრეკის პროცედურის დროს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების) დარღვევა და მისგან გამომდინარე მე- 6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევა თვალსაჩინო იყო, თუმცა, ვერ მივხვდი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონვენციის მე-8 მუხლზე ცალკე მსჯელობა რატომ არ იყო წარმოდგენილი და რა ეტაპზე არ გახდა ეს მუხლი დამოუკიდებელი მსჯელობის საგანი სასამართლოსთვის. მე-8 მუხლის ფარგლებში ჩხრეკასთან დაკავშირებულ დეტალებზე მსჯელობა ბევრად ნიუანსირებული იქნებოდა, ვიდრე მხოლოდ მე-6 მუხლის ქვეშ. ამ პირობებში კარგად არის გასააზრებელი და ერთი შეხედვით თქმა რთულია, როგორია საქმის ხელახალი გახსნის/განხილვის პერსპექტივებიც. საინტერესოა, ამ საქმის აღსრულებასთან კავშირში რა ინდივიდუალურ ზომებს დაადგენს მინისტრთა კომიტეტიც, რომელიც გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს. მალე ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილების უფრო დეტალურ ანალიზს გაგიზიარებთ“, – წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,  გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა, დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.