ლევან ნატროშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემასა და კომისიების დაკომპლექტების წესზე პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსი იყოს
ლევან ნატროშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემასა და კომისიების დაკომპლექტების წესზე პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსი იყოს

მივესალმებით, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე მუშაობა დაიწყო, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს კანონმდებლობაში, რომელიც გადასახედია იმისათვის, რომ ყოველ შემდგომ არჩევნებს ნდობა ჰქონდეს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

როგორც ნატროშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, პოლიტიკურ პარტიებს შორის იყოს ძალიან ფართო კონსენსუსი.

„წინადადების ძირითადი ნაწილი ზოგადია და დაზუსტებას საჭიროებს. დეტალები როდესაც ცნობილი გახდება, შევძლებთ დაწვრილებით შევაფასოთ ეს წინადადებები. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ვთქვა არის ის, რომ რამდენიმე კარგი ინიციატივაა, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემას ეხება. თუმცა, ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან. კერძოდ, იმ ჩანაწერებიდან, რაც ახლა მემორანდუმშია, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ მხრივ დღეს არსებული პრობლემა აღმოიფხვრება. გარკვეული რისკები არსებობს, რომ კვლავ დარჩნენ საარჩევნო კომისიები ერთი პარტიის გავლენის ქვეშ და ნდობა ისეთივე მცირე იყოს, როგორც დღესაა. ჩვენ ვფიქრობთ, პროფესიონალიზაცია, რომ მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები იყვნენ კომისიებში, ნაადრევია საქართველოსთვის, რადგან ჯერჯერობით პოლიტიკური გარემო დაბალანსებული არ არის. ერთი პარტიის ხელშია ყველა, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლი თუ არადამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტი.

ვფიქრობთ, პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები იმ სისტემით, რაც წარმოდგენილია, დიდი ალბათობით, კვლავ იქნებიან შერჩეულები ხელისუფლების, მმართველი პარტიისადმი ლოიალობის კრიტერიუმით, რადგან კომისია, რომელიც შედგება პრეზიდენტთან და პრეზიდენტი წარადგენს ამ კანდიდატურას, როგორიც არის ჩამოწერილი, დღესაც იდეაში დაახლოებით იგივე პროცედურაა. რეკომენდაცია გვქონდა, რომ ისევ შენარჩუნდეს ის მოდელი, რაც დღეს გვაქვს და გაკეთილშობილდეს. ანუ, ის 6 წევრი ისევ პარტიებმა აიჩიონ/დანიშნონ. უბრალოდ, განსხვავება იყოს, რომ თითო პარტიას მხოლოდ თითო წევრის დანიშვნის უფლება ჰქონდეს. რაც შეეხება პროფესიული ნიშნით ასარჩევ და დასანიშნ წევრებს ყველა დონეზე, ამ მხრივ უკვე პროცედურები დასახვეწია. განსაკუთრებით, საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე, როგორ ხდება მათი შერჩევა. დღეს, როგორც ხდება, მიუღებელია, როდესაც უბრალოდ „სივებს“ წარადგენენ ადამიანები. მაგალითად, საუბნო-საარჩევნო კომისიების დონეზე და იმის მიხედვით ხდება გადარჩევა. წინასწარ იციან ხოლმე ვის აირჩევენ. ესენი შესაცვლელია. ყოველ შემთხვევაში, ის ვარიანტი, რაც ახლა შემოთავაზებულია, ვფიქრობთ, პრობლემას არ გადაჭრის და შეიძლება, გააღრმავოს კიდეც.

მნიშვნელოვანია, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, პოლიტიკურ პარტიებს შორის იყოს ძალიან ფართო კონსენსუსი, რათა არსებობდეს ამ სისტემის და კომისიების მიმართ. თუ ეს მხოლოდ რამდენიმე პარტიის შეთანხმებად დარჩება, რა თქმა უნდა, პროცესი ძალიან დაზიანება და საბოლოო ჯამში, არ იქნება ის, რაც უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ნატროშვილმა.