ლევან ნატროშვილი - ჩვენი წყარო რომ თათბირს არ ესწრებოდა, აშკარად არასწორი ინფორმაციაა
ლევან ნატროშვილი - ჩვენი წყარო რომ თათბირს არ ესწრებოდა, აშკარად არასწორი ინფორმაციაა

ჩვენი წყარო რომ თათბირს არ ესწრებოდა, აშკარად არასწორი ინფორმაციაა, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა „ტელეიმედის“ ეთერში. მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეზე მათი წყაროს სანდოობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენლის თქმით, მათ მიერ დასახელებულ თათბირსაც კი არ ესწრებოდა. ლევან ნატროშვილი ამას იმით ხსნის, რომ წყაროს რამდენიმე ადამიანი ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს ხვდებოდა და ორი კვირის განმავლობაში მისგან სხვადასხვა ინფორმაციას იღებდა.

„უნდა დავაზუსტო, ჩვენ არანაირი ბრალდება არ წამოგვიყენებია. თუ ვნახავთ განცხადებას, რომელიც გავავრცელეთ, საუბარი იყო, რომ მოვიდა წყარო და მასთან კომუნიკაციის შემდეგ, ამ წყაროზე დაფუძნებით ვთქვით, რომ სავარაუდოდ, შესაძლოა, ჰქონდეს ასეთ ფაქტებს ადგილი და ვთხოვეთ პროკურატურას, ეს გამოძიებულიყო.

წყაროსთან ორი კვირის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია. მოგვეჩვენა, რომ ეს წყარო იყო სანდო, ახლაც გვგონია და დარწმუნებული ვართ ამაში. დასახელებული იყო კონკრეტული პირების, ექვსი ადამიანის სახელები და გვარები, ასევე, კონკრეტული გარემოებები და მუნიციპალიტეტებია დასახელებული, ნაწილი ამ ინფორმაციისა ჩვენ გადავამოწმეთ, დანარჩენის გამოსაძიებლად მივმართეთ პროკურატურას და განცხადება გავაკეთეთ“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, დასაშვებია თუ არა, რომ წყარომ ისინი შეცდომაში შეიყვანა, თუკი ის ხსენებულ თათბირს არ ესწრებოდა.

„თათბირს არ ესწრებოდა – ეს არასწორი ინფორმაციაა აშკარად. ორი კვირა გვქონდა კომუნიკაცია, გვქონდა შეხვედრები, სამი ორგანიზაცია ვართ და სხვადასხვა პირები ვხვდებოდით ამ პირს. მე ვესწრებოდი ერთ შეხვედრას. ეს თათბირი, რაც დაიხვიეს ხელზე, მაგალითად ჰქონდა მოყვანილი წყაროს. მე რა შეხვედრასაც ვესწრებოდი, იქ მან ახსენა, რომ ბოლო თათბირი ჩატარდა ამ თემაზე ამა და ამ რიცხვში. თარიღს ვერ დავასახელებ, ვერც პროკურატურას ვუთხარით, რადგან ამ პირის იდენტიფიცირება მოხდება. მისი სურვილია, რომ კონფიდენციალურად დარჩეს“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. პროკურატურაში საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ. პროკურატურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.  „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ თვითონ ის ადამიანი არ ესწრებოდა თათბირს, საიდანაც გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმაც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ თათბირს, სადაც სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ გახდა ცნობილი, მათი წყარო არ ესწრებოდა.