ლევან ნატროშვილი ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს 
ლევან ნატროშვილი ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი პროკურატურაში გამოკითხეს.

ოთხსაათიანი გამოკითვის შემდეგ ნატროშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ დაუსახელებია კონკრეტული წყარო, რომელმაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდა.

„სავარაუდო გაყალბების შესახებ რაც ვიცოდი, გამომძიებლებს ის ინფორმაცია მივაწოდე. რა თქმა უნდა, არ გავამჟღავნე წყაროს ვინაობა. გამომძიებლებს განვუმარტე, რომ მაქვს კანონით უფლება, წყარო არ დავასახელო. გარკვეულ დეტალებზე, რაც ვიცი, არ მისაუბრია, ვინაიდან არსებობდა იმის ალბათობა, რომ გამჟღავნდებოდა წყაროს ვინაობა. არც პროკურატურასთან გვაქვს ამის უფლება, რომ გავამჟღავნოთ, როდესაც კონფიდენციალურად გაწვდიან ინფორმაციას.

პროკურატურას ვერ ვუკარნახებ, რა ქმედებები უნდა განახორციელონ საქმის გამოსაძიებლად. მათი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯებს გადადგამენ. რა თქმა უნდა, ისინი არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ რაღაც ჩვენებების ჩამორთმევით. საჭიროა, ყოვლისმომცველი გამოძიება ჩატარდეს და ყველა შესაძლო ხერხი, რაც არსებობს მტკიცებულებების მოპოვებისთვის, გამოიყენონ“,- განაცხადა ნატროშვილმა.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. პროკურატურამ გამოძიება 362-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას მისი გასაღება-გამოყენების მიზნით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი უკვე გამოკითხეს. გამოიკითხნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და ხელმძღვანელი.

პროკურატურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს. გამოკითხვიდან გამოსული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ წყარო, რომელმაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ინფორმაცია მიაწოდა, არ ესწრებოდა თათბირს, სადაც მათივე თქმით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზე მსჯელობდნენ.