ლევან ნატროშვილი - ირაკლი კობახიძემ ჩვენს ორგანიზაციას დააბრალა, თითქოს სალომე ზურაბიშვილისთვის 30 თეთრის შეწირვის კამპანიას ვუჭერდით მხარს
ლევან ნატროშვილი - ირაკლი კობახიძემ ჩვენს ორგანიზაციას დააბრალა, თითქოს სალომე ზურაბიშვილისთვის 30 თეთრის შეწირვის კამპანიას ვუჭერდით მხარს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტების მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორს თავს ესხმიან და მათ შესახებ ტყუილებს ავრცელებენ.

„სამწუხაროდ, მატყუარა თავმჯდომარე ჰყავს პარლამენტს. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას დააბრალა ტყუილი, თითქოს სალომე ზურაბიშვილისთვის 30 თეთრის შეწირვის კამპანიას ვუჭერდით მხარს, ეს არის სრული ტყუილი. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა და შესაბამისად, როცა ეს ახსენა კონფერენციაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, საერთაშორიო ორგანიზაციების წარმომადგენელები იყვნენ, ასეთი ტყუილების ლაპარაკი სამარცხვინოა.

იგივე შეეხება ქალბატონ თეა წულუკიანსაც, რომელმაც კიდევ ერთხელ დააყენა ტყუილების კორიანტელი და ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩვეულებრივი თავდასხმის ობიექტები ვიყავით, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ. ამ პოზიციების მთავარი მიზეზი არის ის, რომ იმ პრობლემებზე საუბარი, რაც ჩვენი მხრიდან ხდებოდა, მათთვის იყო ძალიან მტკივნეული. მათ არ ჰქონდათ რეალურად არგუმენტები და გადაწყვიტეს, რომ პირადი თავდასხმები განეხორციელებინათ“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ დღეს განაცხადა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არასამთავრობოების ფენომენის დისკრედიტებას ახდენს. „ერთ-ერთი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავად იყო ინიციატორი „30 თეთრის კამპანიის“, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ ფენომენის დისკრედიტებას. კიდევ ერთ ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი ჰქონდათ განთავსებული საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.