ლევან ნატროშვილი - საარჩევნო კანონმდებლობას პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ, ამიტომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერ ცვლილებას სათანადო ნდობა არ ექნება
ლევან ნატროშვილი - საარჩევნო კანონმდებლობას პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ, ამიტომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერ ცვლილებას სათანადო ნდობა არ ექნება

ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არის პარლამენტში წარდგენილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა. ეს პარლამენტში მოხდება თუ მის გარეთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ შესაძლებელია, ეს პროცესი განახლდეს და დაიწყოს. ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან, საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ. თუ არ იზიარებენ, შემდეგ ხდება სამართლიანი არჩევნებისა და ლეგიტიმაციის თვალსაზრისით პრობლემები. აქედან გამომდინარე არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არის პარლამენტში წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე გარკვეული კომპრომისი მოხდეს. ფორმას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება მათი მხრიდან მუშაობა პარლამენტშიც გაგრძელდეს, ან ნებისმიერი სხვა სასურველი ფორმა მოინახოს, რაშიც არ ვართ შეზღუდული იმ შეთანხმებით, რაც მიშელის ჩამოსვლის შემდეგ შედგა. მნიშვნელოვანია, შინაარსი და ის, რომ შეთანხმება შედგეს. ყველა მხარეს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პროცესში, როგორც წესი, განსაკუთრებით მმართველ პარტიას და ასევე ყველას თავისი წილი აქვს“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა რჩება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. როგორც ნატროშვილი განმარტავს, წესი, რომელიც შემოთავაზებულია, დასახვეწია.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მთავარი პრობლემა, რაც რჩება, არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ანუ, ის წესი, რაც ამჟამად შემოთავაზებულია, დასახვეწია და თუ გარკვეული საკითხები არ გამოსწორდება, ცუდი ვარიანტი იქნება, რაც საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობის ამაღლებას არ უზრუნველყოფს. პრობლემებია როგორც პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებზე, ასევე პროფესიულზე. თუ საპარლამენტო მანდატებს მიებმება კომისიაში პარტიის მიერ წევრის დანიშვნა, ეს პრობლემაა, რადგან საშიშროება არსებობს, რომ კომისია ცხრა წევრით არ დაკომპლექტდეს, როგორც ცესკო-ს, ასევე საოლქოს დონეზე. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მიბმული მანდატზე. პროფესიულ ნაწილში გასასწორებელია ის, როგორ დავაკომპლექტებთ ამ ადამიანებს, რისკები არ არის საკმარისად დაზღვეული და ალბათობა არსებობს, რომ მმართველ პარტიასთან აფილირებული და ქაღალდზე პროფესიული ნიშნით შერჩეული კანდიდატი მოხვდეს ცესკოში და ამან იგივე პრობლემა მოგვცეს, რაც დღეს არის, ნდობა კომისიების მიმართ ნაკლებია. ისეთი კანდიდატები უნდა იყვნენ შერჩეული, რომლებზეც კომპრომისი იქნება პოლიტიკურ პარტიებს შორის და მოსაწონი კანდიდატი იქნება როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე ოპოზიციის ძირითადი ნაწილისთვის“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.