ლევან ნატროშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია, ჩვენი ოქმები შევადარეთ ცესკო-ს ვებგვერდზე ატვირთულ ოქმებს და პრობლემა ვერ გამოვავლინეთ
ლევან ნატროშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია, ჩვენი ოქმები შევადარეთ ცესკო-ს ვებგვერდზე ატვირთულ ოქმებს და პრობლემა ვერ გამოვავლინეთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია, ჩვენი ოქმები შევადარეთ ცესკო-ს ვებგვერდზე ატვირთულ ოქმებს და პრობლემა ვერ გამოვავლინეთ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზაციას ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია და ამის თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება გასაკვირი იყო, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა.

„პირველ რიგში, ჩვენთვის გასაკვირი იყო, რომ კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, თითქოს ჩვენც ჩაგვიტარებია PVT, თითქოს ოპოზიციური პარტიის ერთერთ ლიდერს უთქვამს და მერე შედეგები არ დაგვიდია, რადგან დაემთხვა ოფიციალურ შედეგებს, რაც რა თქმა უნდა ტყუილი იყო. ამის შემდეგ შედგა მათთან კომუნიკაცია, გვკითხეს,  გვქონდა თუ არა PVT ჩატარებული. ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვქონდა, ასევე, ჩვენ მათ ავუხსენით, რა სახის სადამკვირვებლო მისია გვქონდა. 400 უბანზე ვიყავით განლაგებული და შესაბამისად, როდესაც იქიდან ოქმები წამოიღეს დამკვირვებლებმა, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენს ოქმებს ცესკო-ს მიერ ატვირთულ ოქმებს ვადარებთ, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს. არანაირი PVT არ ჩაგვიტარებია. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი ოქმები, შევადარეთ იმ ოქმებს, რომლებიც ცესკო-ს ვებგვერდზე იყო ატვირთული. იქ ვერ გამოვავლინეთ რაიმე პრობლემა, ზუსტად ისინი იყო ატვირთული, რაც ჩვენმა დამკვირვებლებმა წამოიღეს უბნებიდან“, – განაცხადა ნატროშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ნატროშვილის თქმით, არ არის კარგი, რომ ამ ორგანიზაციის მიმართ დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.

„ხარვეზი აღმოჩნდა მათი დათვლის მეთოდოლოგიაში და გაიპარა შეცდომა, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ეს შეგნებულად მოხდა და რეპუტაცია უნდა შეელახოს ორგანიზაციას“, – აღნიშნა ნატროშვილმა.