ლევან მაისურაძე - „ლეოგრანდის“ თანამშრომლებისა და სასტუმროში მყოფი სტუმრების დაკითხვა მიმდინარეობს
ლევან მაისურაძე - „ლეოგრანდის“ თანამშრომლებისა და სასტუმროში მყოფი სტუმრების დაკითხვა მიმდინარეობს

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ლევან მაისურაძის ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შემთხვევის ადგილის დათვალიერება სავარაუდოდ დღეს დასრულდება.

ამის შესახებ მაისურაძემ პირველ არხს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს თანამშრომლებისა და სასტუმროში მყოფი სტუმრების დაკითხვა.

„ამ დრომდე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც სავარაუდოდ დღეს დასრულდება. ინიშნება ექსპერტიზები და მიმდინარეობს თანამშრომლებისა და სასტუმროში მყოფი სტუმრების დაკითხვა“,- განაცხადა მაისურაძემ.

მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ პირველად 2016 წლის 20 მაისს დააჯარიმა, მეორედ კი ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის 20 ივნისს შეამოწმეს. სასტუმროს უსაფრთხოების ნორმები გამოსწორებული კვლავ არ ჰქონდა.

დღეს სასტუმროსთან დილიდან შეიკრიბნენ თანამშრომლები. მათთან ერთად იმყოფებოდა ეროვნებით თურქი მენეჯერი.

ისინი პირველ არხთან პირად საუბარში უარყოფენ, რომ საევაკუაციო კიბის გამოყენება შეუძლებელი იყო და ამბობენ, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა სასტუმროში ჩაირთო.

დღეს დილიდან იკითხებიან თანამშრომლები აჭარის მთავარ სამმართველოში, სადაც ამ წუთებში ადვოკატიც იმყოფება.

სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მოქალაქეებს ყვავილები დილიდან მიაქვთ და ანთებენ სანთლებს.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

 

ავტორი: იმედა დარსალია