ლევან კალანდაძე - ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს
ლევან კალანდაძე - ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს

ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ დღეს „ბიზნესპარტნიორის“ მსვლელობისას განაცხადა. გადაცემაში პრემიერ-მინისტრის რანგში ბახტაძის მოღვაწეობა განიხილეს, რომელმაც პრემიერის პოსტი დღეს დატოვა.

კალანდაძის განმარტებით, ბიზნესომბუდსმენის ოფისი ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალურად ეროვნული ვალუტის კურსის პრობლემას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი ბიზნესომბუდსმენის ოფისის კომპეტენციას სცილდება. საქმე ის არის, რომ ბიზნესი ყველაზე მეტად სწორედ ლარის რყევაზე წუხს. რიგით მეორე ყველაზე მტკივნეულ პრობლემად ბიზნესი სწრაფი გადაწყვეტილებების საკითხს ასახელებს.

„გასაგებია, რომ მცირე ზომის და ამავე დროს ღია ტიპის ეკონომიკა ვართ. მცირე ეკონომიკას ღია ეკონომიკის პირობებში ძალიან ბევრი რისკები ახლავს. ამას შესაბამისი მენეჯმენტი სჭირდება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ესა თუ ის პროექტი და კონცეფცია ძალიან დიდხანს ვჭვრიტოთ. ჩვენ ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები გვჭირდება. ვნახოთ, როგორ დალაგდება მთავრობის ეკონომიკური გუნდი. მაგრამ ფაქტია, რომ ლართან დაკავშირებული თემების პარალელურად, დღის წესრიგში სწრაფი გადაწყვეტილებების თემა დგება. როცა მცირე ზომის მთავრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის მცირე ბიუროკრატია, რომელიც პირველ რიგში სწრაფ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ბევრი ენერგოპროექტი გვახსოვს, რომელზეც აღარ ვსაუბრობთ და ის პროექტები ჯერ არ არის განხორციელებული“, – განმარტა კალანდაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკას რისკების უკეთესი მენეჯმენტი სჭირდება.

„როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო აგრესიისაგან დაცვა არ არის. ის, რაც ივლისის მოვლენების შემდეგ მოხდა, როცა ფორმალურმა რუსულმა ემბარგომ მნიშვნელოვნად დააკორექტირა სავალუტო ნაკადები, ასეთ რისკებს წინასწარ განსაზღვრა სჭირდება. უნდა არსებობდეს გარკვეული გეგმა, რა შემთხვევაში როგორ ვიქცევით და რისკების მართვაც ნაკლებად მტკივნეული იქნება. შესაბმისად, ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს“, – განაცხადა კალანდაძემ „ბინზესპარტნიორში“.