ლევან კალანდაძე - ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს მობილობა, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამციროს, რათა საზოგადოება ვაქცინამდე მინიმალური დანაკარგებით მიიყვანოს
ლევან კალანდაძე - ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს მობილობა, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამციროს, რათა საზოგადოება ვაქცინამდე მინიმალური დანაკარგებით მიიყვანოს

ჩემი აზრით, ხელისუფლება დროს ჭიმავს, რომ ვაქცინის მიღებამდე დიდი ადამიანური დანაკარგის გარეშე მივიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს მობილობა, ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამციროს და საზოგადოების ეს მდგომარეობა ვაქცინამდე მინიმალური დანაკარგებით მიიყვანოს. ჩემი აზრით, სხვა გამოსავალი უბრალოდ, არ იყო და პროცესების მართვა შეზღუდვის გარეშე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, სრული ჩაკეტვა ეკონომიკურად იმდენად ნეგატიური შედეგებისა და კოლაფსის პროგნოზირების საშუალებას იძლეოდა, რომ ამის გარისკვა პირდაპირ ადამიანების სიკვდილი იყო და ხელისუფლებამ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო.

„არის ერთი არჩევანი, ან არ ჩავკეტოთ არაფერი, მივუშვათ და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის იმედად დავრჩეთ, ან გარკვეული შეზღუდვები გავაკეთოთ. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ დღეს ხელისუფლება ცდილობს, იპოვოს შუალედი, რომელიც ერთი მხრივ, ბიზნესს ბოლომდე დაკეტვის საშუალებას არ მისცემს, მაგრამ გარკვეული მობილობის შემცირებისკენ იქნება ნაბიჯები გადადგმული“, – განაცხადა კალანდაძემ.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ეს მდგომარეობა ყველაზე მტკივნეული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის.

„ყველა ამას ვერ გაუძლებს. ამ ადამიანებმა ერთი მხრივ, უნდა შეინარჩუნონ ბიზნესის სტატუს-კვო, მეორე მხრივ, არ უნდა დაკარგონ ბაზარზე პოზიციები და მესამე მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირებული წარმოებისა და მომსახურების პირობებში საკუთარ თანამშრომლებს ხელფასები, ან ხელფასების ნაწილი აძლიონ და თავი გადაირჩინონ“, – განაცხადა კალანდაძემ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, აღმოჩნდება თუ არა სახელმწიფო გარკვეული პერიოდის შემდეგ მიზნობრივი დახმარების გაზრდის აუცილებლობის წინაშე, ლევან კალანდაძემ განაცხადა, რომ შემდეგი წლის მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იქნება.

„ჩვენ არ ვიცით, როდის გვექნება ვაქცინა, როგორი იქნება ამ ვაქცინის ეფექტი და არ ვიცით, გვექნება თუ არა მესამე, ან მეოთხე ტალღა. შესაბამისად, არ ვიცით, რა დაგვიჯდება ეს ყველაფერი. არადა, მთავარი სწორედ ისაა, რამდენად შეძლებს ხელისუფლება იმ თანხის მობილიზებას, რომელიც სოციალური გარანტიების შესაქმნელად და ბიზნესის მხარდასაჭერად არის საჭირო. ჩვენ ვიცით, ახლა რა შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, რამდენი ხანი დაგვჭირდება კომპენსაციების გაცემა, რიგი სექტორებისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის არგადახდის პოლიტიკის შენარჩუნება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია იმაზე საუბარი, მოდით, ის გავხსნათ, ამას მივცეთ მუშაობის საშუალება და ა.შ“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

დატოვე კომენტარი