გია ჟორჟოლიანი - ვიმედოვნებთ, რომ უცხოელ ექსპერტებთან გიორგი გახარიას კონსულტაციები არ უკავშირდება მხოლოდ ეპიდემიურ მდგომარეობას და ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვის დასაწყისი გახდება
გია ჟორჟოლიანი - ვიმედოვნებთ, რომ უცხოელ ექსპერტებთან გიორგი გახარიას კონსულტაციები არ უკავშირდება მხოლოდ ეპიდემიურ მდგომარეობას და ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვის დასაწყისი გახდება

სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე დეპუტატი გია ჟორჟოლიანი კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების ექსპერტებთან ეკონომიკური პოლიტიკის მიმარტულებით, გიორგი გახარიას მიერ ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

ჟორჯოლიანის თქმით, აღნიშნული ექსპერტები არიან განვითარების ეკონომიკის (დეველოპმენტალიზმის) სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც უპირისპირდებიან აქამდე გაბატონებულ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რამაც საბოლოო კრახი ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისის სახით განიცადა.

„როგორც ცნობილია, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსტეტების ეკონომიკური პოლიტიკის პროფესორებთან – ჰა ჯუნ ჩანგთან, კრისტოფერ კრამერთან და ჯონათან დი ჯონსთან. ფართო საზოგადეობისთვის საინტერესო იქნება, განვმარტოთ ამ ადამიანების შეხედულებები და ის, რომ ისინი არიან განვითარების ეკონომიკის (დეველოპმენტალიზმის) სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც უპირისპირდებიან აქამდე გაბატონებულ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც საბოლოო კრახი ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისის სახით განიცადა. კრიზისის შემდგომ პერიოდში, ზემოთ ხსენებული ეკონომისტი ჰა ჯუნ ჩანგი მიწვეულ იქნა მსოფლიო ბანკის პლენარულ სხდომაზე, სადაც ისაუბრა სახელმწიფოს ინდუსტრიული პოლიტიკის გადამწყვეტი როლის შესახებ ეკონომიკური განვითარების საქმეში.

მოგვიანებით, ამ ავტორმა „გაერო-ს საკვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)“ დაკვეთით გამოაქვეყნა დოკუმენტი – „საჯარო პოლიტიკის როლის გადააზრება სოფლის მეურნეობაში“. ეს და სხვა დეველოპმენტალისტი ავტორების ნაშრომები წარმოადგენს იმ კონცეპტუალურ საფუძველს, რომელსაც პირდაპირ ემყარება ჩვენი პარტიის ეკონომიკური პროგრამა. ჩვენ დიდი ხანია, ვეწევით ამ იდეის პროპაგანდას აკადემიური თარგმანებისა და საჯარო კონფერენციების სახით. ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პერიოდში, ჩვენი ინიციატივით, ამ სკოლის ისეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში, როგორებიც არიან ერიკ რეინერტი, დანი როდრიკი და რობერტ ვეიდი. ისინი შევახვედრეთ მთავრობის წევრებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ვიზიტს შედეგი არ მოყოლია – ჩვენმა მთავრობამ კვლავ გააგრძელა „ეკონომიკაში ჩაურევლობის პოლიტიკა“, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაუმთავრებელი ძიება, ყოველგვარი პრიორიტეტების გამოკვეთისა და მრეწველობის დაგეგმვის რაიმე ელემენტების შემოღების გარეშე“,- აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა პირველად ელაპარაკება არა ნეოლიბერალური ეკონომიკის პროპაგანდისტებს, არამედ განვითარების ეკონომიკის – დეველოპმენტარისტული სკოლის აღიარებულ ექსპერტებს.

„განსაკუთრებით ხაზი გვინდა გავუსვათ ბატონი ჩანგის მაღალ ავტორიტეტს, რომელიც მრეწველობას და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას მიიჩნევს ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედად. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პრემიერის კონსულტაციები არ უკავშირდება მხოლოდ ეპიდემიურ მდგომარეობას და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული პოსტკრიზისული გეგმა გახდება არსებული ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვის დასაწყისი.

ჰ.ჯ. ჩანგი და ზემოთ დასახელებული მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის სიღარიბე მათი ბედისწერის კი არა, მათი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სიღარიბეს ებრძვის, გულისხმობს სახელმწიფოს მიერ საბაზრო კანონებისათვის არა გარედან თვალყურის დევნებას, არამედ სახელმწიფოს მიერ ინდუსტრიული პოლიტიკის წარმართვას, პრიორიტეტების გამოყოფასა და დაგეგმვის მნიშვნელოვანი ელემენტების შემოღებას.

ერთი სიტყვით, ისინი ეწინააღმდეგებიან ისეთი ეკონომისტების და მეცნიერების რჩევებს, როგორიცაა, მაგალითად ბალცეროვიჩი, გაიდარი და სხვები, რომელთა რჩევებმაც და ნაკარნახევმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განვითრების გზა დაუხშო, როგორც საქართველოს ისე სხვა პოსტ-საბჭოთა და განვითარებად ქვეყნებს. სამწუხაროდ, დღესაც არიან მათი პოპულარიზატორები, ამიტომ პრემიერის ეს წამოწყება მნიშვნელოვანია და საჭიროებს პოლიტიკურ მხარდაჭერას“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გიორგი გახარია კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან ექსპერტებთან საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე მუშაობს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოსტკრიზისული გეგმა მოიცავს, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

დატოვე კომენტარი