ლევან კალანდაძე - შევხვდებით სხვა ფორმატში
ლევან კალანდაძე - შევხვდებით სხვა ფორმატში

შევხვდებით სხვა ფორმატში, – წერს სოციალურ ქსელში ლევან კალანდაძე, რომელიც ბიზნესომბუდსმენის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.

„თითქმის ორი წელი, უფრო ზუსტად წელიწადი და ათი თვე ვიმუშავე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ახლა დადგა დრო რაღაცები შეიცვალოს… უამრავი საინტერესო ადამიანი, არაერთი საინტერესო ინიციატივა, ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესქეისი და ბიზნესდავა, რომელთაგან ბევრი პოზიტიურად და დადებითად გადაწყდა. საოცარი განცდაა ამ პროცესის თანამონაწილეობა, როცა დადებითი შედეგით, პრინციპში გამარჯვებით, ასრულებ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნესდავას. თუმცა, გადასაწყვეტი და ბოლომდე მისაყვანი ჯერ კიდევ ბევრი ქეისია“, – წერს კალანდაძე.

ბიზნესომბუდსმენის უკვე ყოფილი მოადგილე მადლობას უხდის უწყების აპარატის თანამშრომლებს, ბიზნესასოციაციებს, სახელმწიფო უწყებებსა და მედიას.

„მადლობა (განსაკუთრებული), რა თქმა უნდა, მედიას – აქტიური თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ მათ გარეშე ბევრი საკითხი და დავა გაცილებით რთულად გადასაწყვეტი იქნებოდა. და ბოლოს, მადლობა ირაკლი ლექვინაძეს. უბრალოდ, მადლობა. ზედმეტი განმარტებებისა და კონკრეტიკის გარეშე. P.S. შევხვდებით სხვა ფორმატში…“, – წერს ლევან კალანდაძე.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე, ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ლექვინაძე და კალანდაძე. ასევე, ვინ გახდება ახალი ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძე თანამდებობაზე 2018 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა. ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე 2018 წლის თებერვალში გახდა.