შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკა და მისი განვითარება პირდაპირ კავშირშია ადამიანების ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობის ამაღლებასთან
შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკა და მისი განვითარება პირდაპირ კავშირშია ადამიანების ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობის ამაღლებასთან

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს აქვს ერთ-ერთი ცენტრალური როლი პარლამენტის საქმიანობაში – ეკონომიკა და მისი განვითარება პირდაპირ კავშირშია ადამიანების ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობის ამაღლებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2021 წლის და 2022 წლის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

ღონისძიება შალვა პაპუაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ეკონომიკის განვითარების კუთხით,  კომიტეტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

„დღეს, როდესაც საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესშია და თუ ჩვენ ვართ ლიდერები ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით და ვამბობთ, რომ DCFTA-ს ნაწილს რაც შეეხება, ნახევარი უკვე შესრულებულია, სწორედ ამ კომიტეტის წვლილია, რომ ევროკავშირში არსებული რეგულაციები, კანონმდებლობა, ნორმები, წესები, სტანდარტები ქართულ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში სათანადოდ დამკვიდრდეს. რაც შეეხება ზედამხედველობას, ამ კუთხითაც  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ კომიტეტის, არამედ მთლიანად პარლამენტის როლი, რომელმაც საკონსტიტუციო რეფორმისა და ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ საპარლამენტო ზედამხედველობის აბსოლუტურად ახალი ინსტრუმენტები შეიძინა.  დღეს მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტები, კიდევ ერთხელ, კრიტიკულად გაანალიზდეს და მოხდეს შესაბამისი ცვლილებები და შესწორებები – ესეც გახლავთ ერთ-ერთი იმ თორმეტი პრიორიტეტიდან, რომლითაც ახლა საქართველოს პარლამენტი მუშაობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სიღარიბის ზღვარის დაკლებისა, ეკონომიკა დღემდე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელსაც შესაბამისი საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.

„დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მჭიდრო კომუნიკაციაშია მთავრობასთან და სწორედ ამ რეგულაციების დროულ დამკვიდრებას ახდენს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, წევრებს და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.