ლევან კალანდაძე - საწვავის ფასის მეტნაკლებად შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა არაბრენდირებულ ბენზინგასამართებზე, მსხვილ კომპანიებში პრაქტიკულად არ დაფიქსირდა კლება, საეჭვო კითხვები ჩნდება
ლევან კალანდაძე - საწვავის ფასის მეტნაკლებად შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა არაბრენდირებულ ბენზინგასამართებზე, მსხვილ კომპანიებში პრაქტიკულად არ დაფიქსირდა კლება, საეჭვო კითხვები ჩნდება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან კალანდაძის განცხადებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებსა და რეალიზატორ კომპანიებთან საწვავის ფასების დარეგულირების საკითხზე შეხვედრები მიმდინარეობს.

მისი თქმით, გუშინ შედგა შეხვედრა წვრილ საწარმოებთან, ხვალ კი დაგეგმილია კონსულტაციები მსხვილ საწარმოებთან.

ლევან კალანდაძე ამბობს, რომ მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში საქართველოში ნავთობიმპორტიორებმა დაიწყეს შედარებით იაფი საწვავის იმპორტი, თუმცა ბაზარზე ეს ტენდენცია არ აისახა ძირითად მოთამაშეებზე.

„კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემების ანალიზი. წარუდგინა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. განხილულ იქნა პრემიერთან და შემდგომი რეაგირებისთვის ეკონომოკური პროფილის მინისტრებს და კონკურენციის სააგენტოს დაევალათ უფრო აქტიური კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან.

გუშინ შედგა შეხვედრა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან და რეალიზატორებთან, წვრილ საწარმოებთან, ხვალ არის მსხვილ საწარმოებთან. მთავარი მიგნება არის ის, რომ წინა პერიოდებისგან განსხვავებით, მარტისა და აპრილის პერიოდში, ეს განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდებია კონკურენციის სააგენტოსთვის ამ კვლევაში, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ არაევროპული ქვეყნებიდან მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში უკვე ევროპული ქვეყნებიდან საქართველოში ნავთობიმპორტიორებმა დაიწყეს შედარებით იაფი საწვავის იმპორტი, თუმცა ეს ტენდენცია ბაზარზე, საცალო ქსელში არ აისახა ძირითად მოთამაშეებზე“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მისი განმარტებით, საწვავის ფასის მეტნაკლებად შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა არაბრენდირებული ნავთობპროდუქტების ბენზინგასამართ სადგურებზე, მსხვილ კომპანიებში კი პრაქტიკულად არ დაფიქსირდა კლება.

„მიმდინარე კონსულტაციები, გუშინდელი და ხვალინდელი შეხვედრაც უკვე მსხვილ ნავთობიმპორტიორებთან და რეალიზატორებთან, სწორედ ითვალისწინებს, ამ საკითხებზე საბოლოოდ ჩამოყალიბდეს გარკვეული დასკვნები და კონკურენციის სააგენტომ აქედან გამომდინარე მოამზადოს კონკრეტული რეკომენდაციები. რა იქნება ეს რეკომენდაციები, ჯერ თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული კურიოზული, პარადოქსული სიტუაციაა.

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, მაშინ, როცა თავისუფალი, კონკურენტული გარემო უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად მასტიმულირებელი იმისა, რომ რიგ კომპანიებს, რომლებმაც შემოიტანეს იაფი საწვავი, დაეწიათ ფასი და ამით მაქსიმალურად გაეზარდათ საკუთარი რეალიზაცია, მოეზიდათ საკუთარი ბენზინგასამართი სადგურებისკენ მეტი მომხარებელი, მათ ეს არ გააკეთეს. მნიშვნელოვნად გაზარდეს ფასნამატი. აქედან გამომდინარე, ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვას და ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, ვფიქრობ, რამდენიმე დღე დასჭირდება. მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისა და რეალიზატორი კომპანიების შეხვედრების შემდეგ, მეტის თქმის საშუალება გვექნება. ფაქტია, რომ საეჭვო კითხვები ამ თვალსაზრისით საკმაოდ ბევრია“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ლევან კალანდაძის თქმით, იმ პერიოდისთვის, რა პერიოდზეც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჩაატარა, ბაზრის რიგი მოთამაშეებისთვის დაახლოებით 30-40 თეთრით სასწვავის გაიაფება სრულად შესაძლებელი იყო.

„კონკრეტულად ვერ გეტყვით, რამდენით შეიძლება, გაიაფდეს, მაგრამ რა პერიოდზეც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჩაატარა, დაახლოებით 30-40 თეთრი სრულიად შესაძლებელი იყო ბაზრის რიგი მოთამაშეებისთვის და არა ყველასთვის. ყველას არ შემოაქვს იაფი ნავთობპროდუქტები საქართველოში, მაგრამ ორ მსხვილ ბიზნესმოთამაშეს, რომელიც ოპერირებს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, დაახლოებით 30-დან 40 თეთრამდე შეეძლო ამის გაკეთება. მიმდინარე კონსულტაციები სწორედ ითვალისწინებს ამ დეტალების საბოლოოდ დაზუსტებას.

მარტივად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი მოგების მარჟა სხვა ანალოგიური პერიოდებისგან განსხვავებით. საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, ლოგიკურად, ამ კომპანიებს უნდა დაეკლოთ საკუთარი სარეალიზაციო ფასისთვის, შესაძლებელი იყო, ეს გაკეთებულიყო, თუმცა არ გაკეთდა“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ამასთან, ლევან კალანდაძე აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს შუალედური მოკვლევის შედეგი შეიძლება, იყოს მხოლოდ რეკომენდაციები, თუმცა შესაძლებელია, იყოს გარკვეული მოკვლევის დაწყების აუცილებლობის საკითხი.

„წინასწარ ვერ გეტყვით, რა იქნება კონკურენციის სააგენტოს შუალედური მოკვლევის შედეგი. შეიძლება, ეს იყოს მხოლოდ რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების განხორციელება, თუმცა შესაძლებელია, იყოს გარკვეული მოკვლევის დაწყების აუცილებლობის საკითხი. მოკვლევის დაწყების აუცილებლობის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა სახის ღონისძიებებს მიმართავს“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

დატოვე კომენტარი