ლევან გოგიჩაიშვილი - როდესაც „გირგვლიანის შესწორებების“ მსგავს ცვლილებებს ეწინააღმდეგები, პოლიტიკურად ბრიყვი ხარ ან მავნებლობ
ლევან გოგიჩაიშვილი - როდესაც „გირგვლიანის შესწორებების“ მსგავს ცვლილებებს ეწინააღმდეგები, პოლიტიკურად ბრიყვი ხარ ან მავნებლობ

როდესაც „გირგვლიანის შესწორებების“ მსგავს ცვლილებებს ეწინააღმდეგები, ან პოლიტიკურად ბრიყვი ხარ, ან მავნებლობ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გოგიჩაიშვილის თქმით, “გირგვლიანის შესწორებები” ორი ფუნდამენტური ცვლილების გაჩენას გულისხმობს.

„ეს პრინციპული საკანონმდებლო საკითხია როგორც სამართლებრივ-პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით. აღნიშნულ შესწორებებს უკუძალა არ ექნება და იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხდება, ვინც წარსულ დროში მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა, მაგრამ კანონის მორალური დატვირთვის მცნება გაჩნდება, რომელიც ავტომატურად დაბლოკავს იმ ადამიანების სურვილს, რომ თანამდებობრივად ან პოლიტიკურად პოზიციები ჰქონდეს.

თუ ვინმე თვლის, რომ მურუსიძე მოსამართლე არ უნდა იყოს, მეც მათ შორის ვარ. საჯარო დისკუსია აიძულებს ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან წავიდნენ. როდესაც “გირგვლიანის შესწორებების” მსგავსი საკითხი არ გესმის, კვალიფიკაციის პრობლემა დგება, ხოლო თუ ამ შესწორებების მნიშვნელობა ესმით და წინააღმდეგობის გაწევა ხელოვნურად ხდება, მაშინ მავნებლობასთან გვაქვს საქმე და ეჭვი გვიჩნდება, რომ სააკაშვილის დაკრულზე ხდება ცეკვა.

ჩვენს წარსულსა და ბრძოლას დიდი ფასი აქვს და ვიცით, წინა ხელისუფლებას რისთვის ვებრძოდით, რა შევცვალეთ და რისი გაკეთება გვინდა. ამ პროცესის დამწყები არის სანდრო გირგვლიანი და ამიტომ ჰქვია ამას “სანდრო გირგვლიანის” შესწორება. როდესაც ასეთ ცვლილებებს ეწინააღმდეგები, ან პოლიტიკურად ბრიყვი ხარ, ან მავნებლობ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე,  ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.

როგორც ცნობილია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“.

ამ შემთხვევაში საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.

მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესია და არა პიროვნული გადაწყვეტილება.

„სამწუხაროდ, ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა. სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.