ლევან გოგიჩაიშვილი - აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ჩვენი კანონპროექტი დაიმარხა იმის გამო, რომ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც სავარაუდოდ ხელს ითბობენ, პრობლემა არ შექმნოდა
ლევან გოგიჩაიშვილი - აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ჩვენი კანონპროექტი დაიმარხა იმის გამო, რომ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც სავარაუდოდ ხელს ითბობენ, პრობლემა არ შექმნოდა

კანონპროექტი, რომელიც შემოვიტანეთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, დაიმარხა იმის გამო, რომ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც სავარაუდოდ ხელს ითბობენ ამ ბიზნესის სტატუსკვოთი, პრობლემა არ შექმნოდა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტმა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ყველაფერი გააკეთა, რომ სერიოზულად არ გვემსჯელა ამ მოწვევის პარლამენტში აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ. მე მინდა, უბრალოდ გამოვხატო ჩემი გულისწყრომა და წუხილი. ვფიქრობ, რომ ეს ნაწილობრივ არის რეგლამენტის დარღვევა, როდესაც პარლამენტის წევრი, რომელმაც დაარეგისტრირა კანონპროექტი 2019 წლის ნოემბერში, ისე ამთავრებს ამ საკითხის ირგვლივ საპარლამენტო დროს, რომ მისი კანონპროექტი არ განიხილება საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის თქმით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის ვადა გადაიწია იმ პერიოდისთვის, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტს საქმიანობა დასრულებული ექნება.

„ეს კანონპროექტი დამარხეს პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ვადა გადასწიეს სამი თვით, იმ პერიოდში, როცა პარლამენტი წყვეტს თავის საქმიანობას. ეს კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ 2019 წლის ნოემბერში, დაიმარხა პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც სავარაუდოდ ძალიან სერიოზულად ითბობენ ხელს ამ ბიზნესის ამგვარი სტატუსკვოთი, რომელიც დღეს გვაქვს, არ შექმნოდათ პრობლემა. ძალიან ვწუხვარ, რომ სამი პრემიერ-მინისტრის პირობებში და პარლამენტის რაღაცა ბრჭყალებში კარგი ემოციური დამოკიდებულების პირობებში, ეს იდეა არ გავიდა პარლამენტში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დატოვე კომენტარი