გიორგი მარგველაშვილი - მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმათ ხელში, ვინც  წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დევნას ახორციელებდა
გიორგი მარგველაშვილი - მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმათ ხელში, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დევნას ახორციელებდა

მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე,  ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აღმოფხვრის სისტემური დანაშაულის შესაძლებლობებს, ყოველთვის იყო მის ინტერესებში.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ როგორც განათლების მინისტრმა, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ფაქტობრივად, შევქმენი ქმედითი მექანიზმი განათლების სისტემიდან მაშინ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნებისთვსი. მაშინ შეიქმნა კომისია, რომელმაც არაერთი საქმე განიხილა. არა ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს და დღესაც ემსახურება ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ისინი იქნენ გათავისუფლებულნი. საპარლამენტო გამოსვლებისას არაერთხელ ყურადღება მიმიქცევია იმ საკითხებისთვის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ნიშნით დევნილთა, ან პოლიტპატიმართა საკითხები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს, როცა აღნიშნული მნიშვნელოვანი ცვლილებები განიხილება, უნდა დაიწყოს საუბარი იმ გარანტიებზე, რომლებიც მომავალში ადამიანებს დაიცავს ტრაგედიებისგან, რომლის მომსწრენიც  გავხდით.

„ეს არ არის წარსულზე ფიქრი, სწორედ მომავალზე ფიქრის თვალსაზრისით, სწორედ პრევენციის თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს,  არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, ვერ განხორციელდება რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ, “გირგვლიანის შესწორებების” ნაწილში ჩვენ უკვე ვთქვით და კიდევ მინდა დღეს აღვნიშნო – გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც პარლამენტმა აღიარა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი ადამიანების არსებობა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში,  უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიზმი, რათა ვიყოთ გარანტირებული, რომ ეს დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების მიმართ არასდროს არ განმეორდება. გარდა ამისა, ამ ნაწილში ჩვენ ასევე ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა და სურვილი აქვს ამ საქმეების გამოძიების, მათ დავეხმაროთ, რომ უზრუნველყონ და უფრო ეფექტურად განახორციელონ ეს პროცესი. პარლამენტშიც ვთქვი, რომ მზად ვართ, ადვოკატებთან ერთად ვიმუშაოთ, რათა მივცეთ  მათ თავიანთი უფლების განხორციელების უფრო ეფექტური შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ცნობილია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“.

ამ შემთხვევაში საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.

მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესია და არა პიროვნული გადაწყვეტილება.

„სამწუხაროდ, ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა. სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.