ლევან გოგიჩაიშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით პაუზას იღებენ
ლევან გოგიჩაიშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით პაუზას იღებენ

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის წევრიც ლევან გოგიჩაიშვილია, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის თითოეული წარმომადგენელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს თანმიმდევრულად შეასრულებს.

ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც 6 სექტემბრის შემდეგ პერიოდში უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ლევან გოგიჩაიშვილთან.

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი „ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითოეულ რეკომენდაციას თანმიმდევრულად შეასრულებს პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თითოეული წარმომადგენელი. ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში. ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას აქტიურად მივაწვდით სიახლეებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

აქვე განმარტებულია, რომ საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით პაუზას იღებს.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენი პარტია ბუნებრივია პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა. აქვე გიდასტურებთ, რომ იმ ღონისძიებებში, რომელიც ბოლო პერიოდში „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ინიციატივით ჩატარდა: 6 სექტემბერს ქუთაისსა და გუშინ თბილისში, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა. „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ , საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის სიახლეებს ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეუღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.