ლევან გოგიჩაიშვილი - გადასატანი საარჩევნო ყუთებით ხმების მანიპულაციის მექანიზმები გაჩნდება
ლევან გოგიჩაიშვილი - გადასატანი საარჩევნო ყუთებით ხმების მანიპულაციის მექანიზმები გაჩნდება

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პანდემიის პირობებში არჩევნებს მოუმზადებელი შეხვდა.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, გადასატანი საარჩევნო ყუთებით ხმების მანიპულაციის მექანიზმები გაჩნდება.

„საპარლამენტო არჩევნები ისე არ ჩაივლის, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები არ დაირღვეს. ცესკო აღნიშნულ სიტუაციას მოუმზადებელი ხვდება. ზოგადად, სახელმწიფოა მოუმზადებელი პანდემიის იმ მასშტაბზე, რაც მივიღეთ.

გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის კოჯორში გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ კოვიდი დავამარცხეთო. დღეს არსებული სიტუაცია არის გახარიასა და უვიცი ჯანდაცვის მინისტრის პასუსიხმგებლობა, ასევე პარლამენტის.  რას აკონტროლებს რატი იონათამიშვილი და დიმიტრი ხუნდაძე?

ვფიქრობ, რომ გადასატანი ყუთებით ხმების მანიპულაციის მექანიზმები გაჩნდება, რადგან არავინ დარაგისტრირდება. მოძრავი ყუთები იქნება სერიოზული გაყალბების საშუალება. ცესკო ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას მიჰყვება და ვერ ვგრძნობ, რომ ცესკო-ს არჩევნებზე პასუხისმგებლობა აქვს. ბევრი ადამიანი კონსტიტუციური უფლების გარეშე დარჩება და ხმას ვერ მისცემენ. ათიათასობით ადამიანს ხმის უფლება წართმეული ექნება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.

ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკო-ს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს: 2 51 00 51 (0).

დატოვე კომენტარი