ლევან გოგიჩაიშვილი - ეს სააკაშვილის დაწყებული თამაშებია, აჰმედ ჩატაევს აგენტად იყენებდნენ
ლევან გოგიჩაიშვილი - ეს სააკაშვილის დაწყებული თამაშებია, აჰმედ ჩატაევს აგენტად იყენებდნენ

როცა აჰმედ ჩატაევი ციხიდან გამოვიდა, მე ციხეში ვიყავი და კითხვას – რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან, ვერ ვუპასუხებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული სპეცოპერაციის თაობაზე მსჯელობა შესაძლოა, პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში გაიმართოს.

„თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ ძებნილი ჩატაევი უკრაინიდან საქართველოში რატომ ჩამოიყვანა მაშინ, როცა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და შემდეგ თავისუფლად გაუშვა?! ის თავისუფლად გადაადგილდებოდა და მას როგორც აგენტს, ისე იყენებდნენ.

ეს სააკაშვილის დაწყებული თამაშებია. ჩატაევი რაღაც თამაშებში ერთ-ერთი კომპონენტი იყო და მათ პროვოკაციებს დღემდე ვიმკით. პატიმრობიდან ჩატაევი რატომ გაუშვეს, ეს კითხვა შეგიძლიათ იმას დაუსვათ, ვინც მთავარი პროკურორი იყო. როცა ჩატაევი ციხიდან გამოვიდა, მე ციხეში ვიყავი და კითხვას – რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან ვერ ვუპასუხებ. უსაფრთხოების სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იმდენი ინფორმაცია გავრცელდება, რაც ჩვენს უსაფრთხოებას არ დააზიანებს.

იცით, რომ გამოძიების მიმდინარეობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ ბევრი ადამიანი ელოდება და იმაზე მეტ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რამაც შეიძლება ქვეყნის ინტერესების დაზიანება გამოიწვიოს. ეს ინტერესები ნელ-ნელა დაკმაყოფილება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამოძიების შესახებ სუს-ში ბრიფინგი დღეს გაიმართა.