ლევან აბაშიძე - დასაძრახი არაფერია იმაში, რომ ჩვენი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას არ ჩქარობს
თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესიის პოზიცია, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ჩქარობს, სწორი და გონივრულია.
როგორც თეოლოგმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, საერთო პოზიციაზე ჯერ უკრაინის მოსახლეობაც არ ჩამოყალიბებულა.
„ჩვენი ეკლესია რომ არ ჩქარობს, ამაში არც უარყოფითია არაფერი, არც განსაკუთრებული შიში. ეს არის საკმაოდ სწორი და გონივრული პოზიცია“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას და იმ ქვეყნების საპატრიარქოების გადაწყვეტილებას, რომელთაც უკრაინასთან გაცილებით ახლო კავშირები აქვთ.
„ჯერ არ ვიცით სხვა ეკლესიების პოზიცია. მთავარია, ჩვენ არ ვიცით უკრაინელთა პოზიცია. ბევრი უკრაინელი ამბობს, რომ ეს არის დადებითი მოვლენა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ არ გვინდა და არ ვაპირებთ გადასვლას. არც სამღვდელოება ჩქარობს. ვხედავთ, 95 ეპისკოპოსიდან ჯერ მხოლოდ ერთი გადავიდა. როდესაც გვეუბნებიან, რატომ არ აღიარეს ჩვენმა საპატრიარქომ ან პოლიტიკოსებმა, არავის მოსდის აზრი, თავად უკრაინელები როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს“, – განაცხადა თეოლოგმა.
ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ რუმინეთის ეკლესია ბევრად უფრო ახლოს არის უკრაინასთან და საინტერესოა მათი პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე.
„არის ეკლესიები, რომლებიც გეოგრაფიულად უფრო ახლოს არიან უკრაინასთან, მაგალითად, რუმინეთის ეკლესია. უკრაინის გარკვეული ტერიტორია შედიოდა რუმინეთის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომამდე და მათ გახსნეს თავისი ეპარქიები უკრაინის ტერიტორიაზე, ეს ბევრმა არ იცის. შესაბამისად, რუმინეთის ეკლესია ბევრად უფრო ახლოსაა უკრაინასთან და ბევრად უფრო სწორი იქნება, ვნახოთ რას იტყვის რუმინეთის ეკლესია, ვიდრე ჩვენ, რადგან უკრაინასთან უშუალო საზღვარი არ გვაქვს. ამიტომ დასაძრახი არაფერია იმაში, რომ ჩვენი ეკლესია არ ჩქარობს“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
მისი თქმით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე საქართველოს ეკლესიას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწევს.
„ადრე თუ გვიან, მოუწევს ჩვენს ეკლესიას, თავისი პოზიცია გამოთქვას. ალბათ, ეს იქნება გაზაფხულზე და გაზაფხულამდე რაღაც გაირკვევა. პირველ რიგში, გაირკვევა, რას ფიქრობენ უკრაინელები“, – განაცხადა თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ.