ლევან აბაშიძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სინოდში ერთიანი პოზიცია არ არის
ლევან აბაშიძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სინოდში ერთიანი პოზიცია არ არის

თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ წმინდა სინოდში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არის, მოაწერონ თუ არა ხელი მისი გათავისუფლების შესახებ პეტიციას.

„ამჟამად გვყავს სადღაც 45 უმაღლესი სასულიერო პირი, ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები. მათგან რამდენიმემ მოაწერა ხელი სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას. მე რამდენადაც ვიცი, ახლა მეუფე ნიკოლოზმა ზოგადად შერიგების, ქრისტიანული მოწყალებისა და შერიგების პოზიციიდან გამომდინარე მოაწერა ხელი. არ უთქვამს, რომ სააკაშვილი უსამართლოდ არის დაკავებული, თუ სამართლიანად. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ საუბარია ზოგად ქრისტიანობაზე, ქრისტიანული თვალსაზრისით რამდენად არის ან არ არის ეს გამართლებული. სამწუხაროდ, ერთიანი პოზიცია არ არის ვთქვათ სინოდში, მოვაწეროთ ხელი, თუ არ მოვაწეროთ. სამწუხაროდ, არ არის. ვთქვათ, ორმა თუ სამმა მოაწერა, დანარჩენები არ აწერენ ხელს, თავისთავად ეს ალბათ არ არის ეკლესიის პოზიციიდან“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია, სასულიერო პირებმა მოითხოვონ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა, ლევან აბაშიძემ განაცხადა: „შეიძლება, რამდენიმე გამოჩნდეს, რომელმაც ეს მოითხოვოს“.

„თუ მიაქცევთ ყურადღებას ჩვენს საეკლესიო პოლიტიკას არჩევნების წინ, ეს იქნებოდა 12 წლის არჩევნები, თუ კიდევ უფრო ადრე, იყო რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“. ასე რომ, აქაც არახალია ეს მოვლენა. ჩვენს სასულიერო პირებს აქვთ საკმაოდ დიდი ავტონომია და დამოუკიდებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი პოლიტიკურ საკითხებზე. ეს უდავოდ პოლიტიკური საკითხია“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.

ამასთან, ლევან აბაშიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა გუშინ მედიასაშუალებებში გავრცელებულ მსოფლიო პატრიარქის განცხადებას, სადაც მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„ეკლესიის პოლიტიზება და პირიქით, ასე ვთქვათ, პოლიტიკის ეკლესიასთან დაკავშირება არ არის ახალი. მრავალი პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია ცდილობს, ეკლესიის ფაქტორი გამოიყენოს. რაც შეეხება განცხადებებს, მე არ ვიცი, რას გულისხმობთ. გოჩა ბარნოვის თქმით, ხაზგასმული იყო, რომ ადამიანური თანაგრძნობა გამოუცხადა მიხელ სააკაშვილს. ჩვენმა პატრიარქმაც გამოუცხადა და გაუგზავნა რაღაც, არ ვიცი, სეფისკვერი. ეს გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური განცხადება, როგორც ვიცი, არ გაუკეთებია იმაზე, რომ ის ან უნდა გამოუშვათ, ან უსამართლოდ არის დაჭერილი. ზოგადი მხარდაჭერა გამოუცხადა, ადამიანური, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე. ადამიანი ზის ციხეში და მგონი, მეც ვუცხადებ მას თანაგრძნობას. ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყო და ცხადია, არ არის ჩვეულებრივი მოქალაქე, ხომ? მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ამაში არის პოლიტიზება. ჩემი აზრით, ამაში არანაირი პოლიტიზება არ არის. პოლიტიზება იქნებოდა მაშინ, რომ მიემართა ვთქვათ პატრიარქისთვის, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის შეწყალებაზე. ასეთი რაღაც რომ ყოფილიყო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის არანაირად არ ერევა საქართველოს მართლმსაჯულების საკითხებში“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.