მამა ანდრია ჯაღმაიძე - ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ
მამა ანდრია ჯაღმაიძე - ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეკლესიის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობა ძალიან გამძაფრებულია, ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ, – ამის შესახებ პირველი არხის კითხვის საპასუხოდ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესიის დაჩქარების მცდელობა, რომ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებაზე პოზიცია გამოხატოს, სწორი არ არის.

„ვინაიდან, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც პოლიტიკური, ასევე საეკლესიო პრობლემები გვაქვს, ამიტომ, ეს საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება. გარკვეულწილად, ამ შემადგენელს მართლაც შეიცავს, თუმცა საეკლესიო გადაწყვეტილება მიღებული მხოლოდ კანონიკის საფუძველზე იქნება. კერძოდ, რამდენად კანონიკურია ამ დიდი საკითხის შემადგენელი სხვადასხვა ქვესაკითხები. მსჯელობებს უნდა დაველოდოთ. საკითხზე მსჯელობენ, როგორც თავად უკრაინის საეკლესიო წრეებში, ასევე მსოფლიო მასშტაბით სხვა ადგილობრივი ეკლესიების წიაღში. ჯერ გამოკვეთილი, პოზიტიური დამოკიდებულება არც ერთ ეკლესიას არ დაუფიქსირებია. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა და ამას მსჯელობა სჭირდება. პოლიტიკური არგუმენტები და საქართველოს ეკლესიის დაჩქარების მცდელობა, რომ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებაზე რაიმე პოზიცია გამოხატოს, არ არის სწორი“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

პირველი არხის კითხვაზე, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებით რა კონკრეტული პრობლემები იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, ჯაღმაიძე რამდენიმე საკითხს ასახელებს.

„ჩვენი სამღვდელოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას ვერ ახერხებს. პრობლემაა ის, რომ ცხინვალის რეგიონში საჯარისო ბაზაზე ეკლესიის მშენებლობა ჩვენთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. ასევე პრობლემაა, რომ აფხაზეთში სასულიერო პირები მსახურობენ, რომლებიც რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები არიან და ეკლესიებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩვენთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. ეს პრობლემებია და ამაზე რუსულ მხარესთან და საზოგადოების დაინტერესებულ პირებთანაც ვსაუბრობთ“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, ჯერ  საკითხზე ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ არსებობს ბერძნულენოვან ეკლესიებში, ასევე სლავიანურ ეკლესიებსა და უკრაინულ ეკლესიაში.

„უკრაინაში მრავალი ეპისკოპოსია და მხოლოდ ორი ეპისკოპოსია გადასული ახალ სტრუქტურაში. უკრაინის ეპისკოპოსების უმრავლესობა უკრაინელია, მრევლი, რომელიც ახალშექმნილ სტრუქტურაში გადასვლას ჯერ არ აპირებს, უკრაინელები არიან, რუსები არ არიან. სანამ უკრაინაში ასეთი დაპირისპირებაა, ნებისმიერი ეკლესია, რომელიც რომელიმე ეკლესიას აღიარებს, ავტომატურად მეორე ნაწილთან კონფლიქტში შედის, რომელიც ასევე მართლმადიდებელი მრევლია. ეს საკითხი ამ ეტაპზე ძალიან რთულია. სანამ შიგნით ასეთი ვნებათაღელვა, მოუგვარებელი და დაუსრულებელი პროცესებია, რთულია, გარედან ადგე და დასკვნები გააკეთო. ძალიან გამძაფრებულია ზეწოლის მცდელობა ეკლესიასა და ეკლესიის წარმომადგენლებზე იმ აზრით, რომ ვინც მხარს უკრაინაში ახალ სტრუქტურას უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ“, – აღნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

მამა ანდრია საქართველოს საპატრიარქოს სინოდის იმ სხდომასაც ეხმაურება, სადაც საკითხის განხილვის გადადება მოხდა.

„რაც შეეხება ეპისკოპოსების მიერ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას, ეს ცხადი 27 დეკემბერს იყო, როცა სინოდის სხდომაზე შეჯერებული აზრის ჩამოყალიბება არ მოხერხდა და სინოდმა საკითხი გადადო. ელადის ეკლესიის სინოდმა უკვე იმსჯელა და ეს საკითხი ანალოგიურად გადადო. ამ ეტაპზე, ეპისკოპოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, სხვადასხვა ფაქტორების გაცხადება, დოკუმენტების გასაჯაროება და სხვადასხვა ექსპერტისა და საეკლესიო ისტორიის მცოდნეთა ანალიზების დადება თანდათან ხდება. ეს პროცესია, რომლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფმა ეპისკოპოსებმა შესაძლოა, თავისი შეხედულებები შეცვალონ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი