„სამგურალის“ მწვრთნელი ტოპლიგების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციას დაესწრო  #1TVSPORT
„სამგურალის“ მწვრთნელი ტოპლიგების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციას დაესწრო  #1TVSPORT

„სამგურალის“ მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძე ნიდერლანდების ქალაქ სინტ-მიჩიელსგესტელში გამართულ მეკარეების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, – ინფორმაციას წყალტუბოს გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

კონფერენცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ხუთი ტოპლიგის რვა მწვრთნელი სტუმრებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს ატარებდა. სემინარს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებიდან მეკარეების 30-მდე მწვრთნელი ესწრებოდა.

„ნიდერლანდებში ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრის ინიციატივით მოვხვდი. მინდა, მადლობა გადავუხადო წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტს, მიხეილ იაშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, აღნიშნულ კონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა.

სინტ-მიჩიელსგესტელში კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი ნიდერლანდელი მეკარე და მწვრთნელი მარტენ არტსი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეკარეების მწვრთნელები: ჯოზეფ სალვადორი („ესპანიოლი“), ფაბიან ოტე (ნიუნხენგლადბახის „ბორუსია“), ჯანლუკა ძაპალა (მილანის „ინტერი“), მიჩელ დე ბერნანდინი („სამპდორია„), პასკალ ფორმანი („ვოლსბურგი“), ჯონათან ლიებუ („ტრუა“), რობ ბარჩი („ფულემი”), რიკარდო პერეირა (,,ინდეპენდენტე”). თითოეულ მათგანს პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ჰქონდა თავისი მეთოდოლოგია და ხედვები.

ცაკლე ბლოკი დაეთმო თანამედროვე ინვენტარებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას სავარჯიშო პროცესებში, მათ მნიშვნელობას მეკარეების აღზრდასა და განვითარებაში. თითოეული მწვრთნელი თავისი საქმის დიდი პროფესიონალი იყო, მათთან ურთიერთობით კარგი გამოცდილება მივიღე. გარდა კონფერენციისა, მქონდა მათთან პირადი შეხვედრები და ინდივიდუალური საუბრები ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს გავეცანი, რაც ჩემს საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება“, – ამბობს ლევან აბაშიძე.