საქართველოში უკრაინის ელჩი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა მოსკოვის საპატრიარქოს ხანგრძლივი დომინირების შემდეგ, ჩვენც შევძლებთ ამას
საქართველოში უკრაინის ელჩი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა მოსკოვის საპატრიარქოს ხანგრძლივი დომინირების შემდეგ, ჩვენც შევძლებთ ამას

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ აღიარებას, არამედ ახალ გრძნობებსა და რეალობას უკრაინის მართლმადიდებლურ სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლჰოვმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ იკავებს თავს საქართველოს საპატრიარქო თავს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისგან, უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ საკითხი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადასაწყვეტია, რომლის სხდომაც ჯერ არ დანიშნულა.

„ეს საქართველოს საპატრიარქოს გადასაწყვეტია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მათ არ უღიარებიათ უკრაინის ავტოკეფალია, რადგან თავად ქართულ მედიაშიც განსხვავებული ვერსიებია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მომავალში. წმინდა სინოდმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. ჩემი ცნობით, ჯერ სხდომის თარიღი არ დასახელებულა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ აღიარებას, არამედ ახალ გრძნობებსა და რეალობას უკრაინის მართლმადიდებლურ სივრცეში. უკრაინელებს აქვთ თავიანთი ეკლესია. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ავტოკეფალია აღდგა მოსკოვის საპატრიარქოს დომინირებიდან დიდი ხნის შემდეგ. თქვენ ეს გააკეთეთ. ჩვენც შევძლებთ ამას. ჩვენ გავაერთიანებთ მართლმადიდებელ უკრაინელებს, რომელთაც აქვთ ყველანაირი უფლება, ჰქონდეთ თავიანთი ეკლესია“, – აღნიშნა იგორ დოლჰოვმა.

კითხვაზე, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისგან თავის შეკავება ხომ არ უკავშირდება რუსულ გავლენებს, იჰორ დოლჰოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე რუსული გავლენები ყველგან არის.

„ამას ვხედავთ რუსულ მედიაში, სოციალურ მედიაში საქართველოში. უკრაინაში ჩვენ ვკრძალავთ რუსულ სატელევიზიო არხებს, თუმცა ისინი ჩარევის ყველა გზას იყენებენ, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოში. ისინი იყენებენ ყველა შესაძლებლობას, მოახდინონ გავლენა საზოგადოებაზე, რომ მათი გიჟური იდეები განახორციელონ“, – განაცხადა იჰორ დოლჰოვი.