ირმა ინაშვილი - საქართველომ საკუთარი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს, რადგან არსებობს საფრთხე, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება სოხუმისა და ცხინვალისთვის პრეცედენტული აღმოჩნდეს
ირმა ინაშვილი - საქართველომ საკუთარი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს, რადგან არსებობს საფრთხე, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება სოხუმისა და ცხინვალისთვის პრეცედენტული აღმოჩნდეს

უკრაინა თავის არჩევანს აკეთებს, საქართველომ კი საკუთარი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ჩვენი ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან არსებობს საფრთხე, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება სოხუმისა და ცხინვალისთვის პრეცედენტული აღმოჩნდეს, რაც ჩვენთვის სახიფათოა. ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ გონივრულად, ბრძნულად, ფრთხილად. კი ბატონო, უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, მაგრამ მას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ კი ჩვენი ინტერესების დასაცავად უნდა ვიყოთ მობილიზებული“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სერბეთის სამღვდელოება ფრთხილად, ბრძნულად, გონივრულად ფიქრობს და ჩვენც ასე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს ყველაფერი სოხუმსა და ცხინვალზე უდავოდ აისახება.

„თუ სერბეთი ფიქრობს იმაზე, რომ ჩერნოგორია, მაკედონია აქვს, თუ ანტიოქიის ეკლესია შიშობს, რომ შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მისთვის პრეცედენტული აღმოჩნდეს და ეს ყველაფერი ლიბანზე აისახოს, ჩვენ რატომ არ უნდა ვშიშობდეთ იმაზე, რომ ეს სოხუმსა და ცხინვალზე აისახება?! ეს უდავოდ აისახება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ მოუწოდებენ ის და დავით თარხან-მოურავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას მხარი არ დაუჭირონ და რა უფლებით შეიძლება, მისმა პარტიამ გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა ავტოკეფალია უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ეკლესიას, რადგან ბოლო რამდენიმე წელია, უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტოკეფალიის მომხრეა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო პატრიარქის მთელი რიგი გადაწყვეტილებები ავტოკეფალური ეკლესიების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მწვავედ, კრიტიკულად და რადიკალურად არის შეფასებული.

„მსოფლიოში დღეს მოქმედი ცამეტი ავტოკეფალური ეკლესიიდან ხუთმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის მოქმედება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. კიდევ ექვსი, ფაქტობრივად, უარყოფითად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას და ამ თერთმეტიდან ცხრამ ღიად იქადაგა მართლმადიდებლობის წიაღში განხეთქილებაზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.