„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი - ჩვენი მზაობაა, მივიდეთ კონსენსუსამდე და ნდობა ამაღლდეს, მნიშვნელოვანია გარე პირების ჩართულობა, მათ შორის აუდიტორის, რომელსაც მოითხოვს თავად დასაქმებული
„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი - ჩვენი მზაობაა, მივიდეთ კონსენსუსამდე და ნდობა ამაღლდეს, მნიშვნელოვანია გარე პირების ჩართულობა, მათ შორის აუდიტორის, რომელსაც მოითხოვს თავად დასაქმებული

სამწუხაროდ, გუშინდელი შეხვედრის შემდგომ რამდენიმე პირმა მიმართა პროტესტის რადიკალურ ფორმას, რაც ძალიან სამწუხაროა, თემა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და, ფაქტობრივად, ჩვენ დასაქმებულებთან მიმართებაში თითქმის ყველა საკითხზე შევჯერდით, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეგვექმნა ხელფასის მატების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ განაცხადა.

თუთბერიძის თქმით, კომპანიის მხრიდან შეთავაზება იყო ხელფასის ხუთი პროცენტით ზრდაზე.

„ჩვენი მხრიდან ხელფასის მატება შეთავაზებული იქნა ხუთი პროცენტით. მათგან ცალსახად მოთხოვნილი იყო 20 პროცენტი. კომპანია, წლებია, ზარალიანია სამუშაოების კუთხით ჭიათურაში. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება და ჩვენ ვცდილობთ ამ კრიზისის დაძლევის გზების პოვნას. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული იქნა კომისიის შექმნა კრიზისის შესწავლის გზებზე, პრობლემებზე. ჩვენი მხრიდან მზაობა არის, დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილი იქნას ფინანსური მდგომარეობა კომპანიის და აქვს თუ არა რესურსი კომპანიას დამატებით ხელფასის 15-პროცენტიანი ზრდის. შეთავაზებული იქნა მათთვის, რომ დავდოთ აუდიტის დასკვნა, მივებათ სამომავლო შედეგებს ან არსებული ფინანსური მდგომარეობა ვნახოთ. სამწუხაროდ, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანი არის, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში, არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ იქ ყველაფერი შეჩერდეს. მთელი წლის განმავლობაში არსებული კრიზისის ფონზე, ჩვენ იძულებული ვართ, საწარმო გავაჩეროთ და ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებულებს ხელფასებს ვუხდით გაჩერებულ წარმოებაში, რაც მცირე თანხა არ არის და თვეში ექვს მილიონზე ლარზე მეტია“, – განაცხადა თუთბერიძემ.

ლაშა თუთბერიძის განცხადებით, კომპანია ცდილობს, კრიზისი დაძლიოს.

„ვცდილობთ, რომ ეს კრიზისი დავძლიოთ და ყველაზე მთავარ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. 15-პროცენტიანი მატება ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის დაახლოებით 10 მილიონი დოლარი წელიწადში. სხვა საკითხებზე პრინციპულად შეთანხმებული ვართ. 14 საკითხი იყო მათგან დაყენებული. ჩვენ პრინციპულად ყველაფერზე თანხმობა გამოვაცხადეთ. თანხმობა გამოვაცხადეთ, კომისიურად შევისწავლოთ, რატომ მივიღეთ შრომის ორგანიზების პირობების ცვლილებაზე გადაწყვეტილება, რატომ ჩავთვალეთ ეს მიზანშეწონილად, რაც გულისხმობდა იმას, რომ 12-საათიანი სამუშაო რეჟიმი, რასაც დასაქმებულები ითხოვენ, შეგვეცვალა რვასაათიანი სამუშაო რეჟიმით. ყოველწლიურად ხელფასის მატებას ჩვენ ვახდენთ ინფლაციის ინდექსიზაციიდან გამომდინარე, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ქვეყნდება ყოველ წელს. მაგალითად, 2021 წელს გაფორმება მოხდა ჩვენ შორის და 2021 წლის შედეგებით ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 9,6 პროცენტი, ჩვენ 9,6 პროცენტით ჩვენს 5 700 თანამშრომელს ხელფასები მოვუმატეთ. ეს ხალხი შეიძლება, მეტს იმსახურებს და, რა თქმა უნდა, იმსახურებს, მაგრამ არ არის რესურსები კომპანიაში. ის 15 პროცენტი, რასაც ითხოვენ, თანხებში არის, ასე, 10 მილიონი დოლარი წლიურად. საპროგნოზო მაჩვენებელი ჩვენი ზარალის ამ მომენტისთვის ჭიათურაში არის 12 მილიონი დოლარი. 10 მილიონი დოლარით ხელფასის მომატების მოთხოვნა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ სახელმწიფოსგან გვაქვს მაქსიმალური თანადგომა ფინანსური ვალდებულების გადავადებაზე, ძალიან ალოგიკურია. შრომის ინსპექცია ხშირად სტუმრობს კომპანიას, მათი მხრიდან ხშირად ფიქსირდება ხარვეზები და ამას ჩვენი მხრიდან ვასწორებთ, მაგრამ არსებითი ხასიათის შენიშვნა, რაც შრომის უსაფრთხოების კუთხით გარკვეულ დარღვევებს უკავშირდება, ასეთი არ დაფიქსირებულა. ჩვენი მზაობა არის, რომ მივიდეთ კონსენსუსამდე, გადაწყვეტამდე და ნდობა ამაღლდეს. ამ თემაზე უნდა არსებობდეს ნდობა და მნიშვნელოვანია გარე პირების ჩართულობა, მათ შორის გარე აუდიტორის, რომელსაც მოითხოვს თავად დასაქმებული“, – განაცხადა თუთბერიძემ.