„ჯორჯიან მანგანეზი“ - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადავუხდით, შევუნარჩუნებთ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს
„ჯორჯიან მანგანეზი“ - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადავუხდით, შევუნარჩუნებთ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს – სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადაუხდიან და სრულად შეუნარჩუნებენ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს.

„თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს ავუნაზღაურებთ. გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია, გრძელდება. გართულებულ პირობებს კი თან დაერთო მადნის დეფიციტი. ჩვენმა კონტრაქტორმა, „ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ“, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ 8 თვის განმავლობაში მაღაროების პიკეტირების გამო ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან შვიდი მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა. ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე, აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.